ლოცვა ავადმყოფობისა


ღმერთო, მიშველე,
არ შემომაპარო შიში,
დედაჩემს ღრმად სძინავს,
ხორცი ჩემი კი მის გვერდით
სპაზმებისგან კრთება,
ღმერთო, მიშველე,
არ შემომაპარო შიში,
ამას გეუბნები ღამით,
პატარა ოთახში
დედის გვერდით მწოლიარე,
ღმერთო,
შემოდი ჩემს გულში,
კუნთებში და
დამიცავი,
ღმერთო,
აი, თაფლი,
ის დათო აკრიანმა მომიტანა,
შემოდი ამ თაფლით ჩემში და
გამისწორე შეცდომები სხეულში,
სულში,
ღმერთო,
აი, მაწონი,
რომელიც დათო ბარბაქაძემ მომიტანა,
შემოდი ამ მაწვნით ჩემში,
გადამარჩინე და
დედაჩემი ყოველ ცისმარეზე
ილოცებს შენთვის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი