მე ავიბლანდე


მე ავიბლანდე შენს დასავარცხნ თმაში,
ხოლო შენ თავი გადაიპარსე და წახვედი და
მე ძლივს გადავურჩი
საპარიკმახეროს დამლაგებლის დიდ ცოცხს.

რამდენიმე წლის შემდეგ,
მე ჩამოვეკიდე შენს ერთ,
უკვე წამოზრდილ ნაწნავს,
ხოლო შენ ადექი და
სულ მეორე ნაწნავით მცემე.

მერე,
მე ვცადე,
გადავქცეულიყავი შამპუნის ერთ წვეთად
და კიდევაც შევძელი,
მაგრამ შენ ცხელი შხაპის ნაკადით
ჩამომრეცხე შენი ოქროსფერი თმიდან.

და როცა
შენი სხეულის წმიდა ჭუჭყით
გაჯერებული წყალი
აბაზანის ფსკერზე შემზარავად პირდაღებული
ხვრელისაკენ მიმაქანებდა,
მე დავინახე ჩემკენ გამოწვდილი
შენი თმის ერთი ღერი და
როგორც ანდაზურ ჭეშმარიტებას,
ისე მოვეჭიდე მას...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი