მე და შენ და ღრუბლები


"უხერხულია, შენ გერქვას ცოლი,
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე"

ტარიელ ჭანტურია

დაგვიყარეს ბოროტებმა ჭორები,
მთელ ქალაქში ჩვენზე ლაპარაკობენ,
თითქოს ცოლმა მიღალატა ამასწინ,
წავიდა და დაწვა ცისფერ ღრუბელთან.

არა მჯერა მე ამ ხმების, თუმცა კი
შეიცვალა რაღაც იგი ბოლოხანს.
ვსხედვართ ჩვენთვის, ძველებურად ჩაის ვსვამთ,
და ვგრძნობ, უცებ ფიქრი სხვაგან გაურბის.

არა მარტო ფიქრი, მზერაც გაურბის,
ფანჯრისაკენ იყურება ხშირ-ხშირად,
ფანჯარაში კი ცისფერი ღრუბელი
კიდია და ეშმაკურად ანათებს.

აღარ ვიცი, უკვე რაღა ვიფიქრო,
რომც ვიფიქრო, მერე როგორ მოვიქცე.
გავლახავდი ცისფერ ღრუბელს კაცურად,
მაგრამ სადღაც ზემოთაა, ვერ ვწვდები.

მოვიშხამე, რაც დრო გადის, სულ უფრო
ხშირად მესმის ცოლზე, ღრუბელს ჰყვარობსო,
დადის ისიც დაბნეული სახლში და
ჩაძირულა თავის ციურ ფიქრებში.

ამასწინათ ფანჯარაში ცისფერი
ღრუბლის გვერდით უცებ შავიც შევნიშნე.
გამომწვევად იდგა ცის კამარაზე
და რაღაცას თითქოს მეუბნებოდა.

და უეცრად გამინათდა გონება,
ხელად მივხვდი, აწი როგორ მოვიქცე.
თუ ასეა, ცოლის ჯიბრზე იმ შავთან
ვიმიჯნურებ და სიყვარულს ავუხსნი.

როგორც ვატყობ, მასაც უნდა მოვწონდე,
უკომპლექსოც ჩანს, თან ეშხიანია,
ჰოდა ვივლით ასე, რომანტიულად,
ხოლო ბოლოს სადმე ერთად დავწვებით.

ჰო, დავწვები მე ამ ჩემს შავ ღრუბელთან,
ისიც მალე შავ გოგონას გამიჩენს.
და ოდესღაც კაცურ კაცად მცხოვრები,
მათთან ერთად წვიმად მოვალ მიწაზე.

დამხვდებიან ლაბადებით, ქოლგებით,
ვერ მიცნობენ, გულშიც არ გაივლებენ,
რომ ისა ვარ, ვისაც ასე ბოროტად
ცოტა ხნის წინ დაუყარეს ჭორები.

ერთადერთი ალბათ ცოლი თუ მიცნობს,
ისიც ალბათ მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ ღრუბელთან სადმე მართლა წოლილა,
თუკი მართლა კარგად ესმის ღრუბლების.

წავა მერე, თავის ჩაის დაისხამს,
გაუშტერებს თავის მზერას ფანჯარას,
და მწამს, სადღაც გული მართლა დაწყდება,
რომ თუმცა კი მხოლოდ ცისფერ ღრუბელთან,
მაგრამ მაინც, მაინც რომ მიღალატა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი