მოძრაობა
ქარი ქროდა და ქალს მიაფრიალებდა. ქალი მიფრიალებდა და კაცი მისდევდა. კაცი მირბოდა და უკან სამეგობრო მიყვებოდა. სამეგობრო მიდიოდა და ლუდხანა იდგა. ლუდხანა იდგა და ლუდი მჟავდებოდა. ლუდი მჟავდებოდა და დახლიდარი ბერდებოდა. დახლიდარი ბერდებოდა და თმა ცვიოდა. თმა ცვიოდა და ბომბებიც ცვიოდა ციდან. ბომბები ცვიოდა ციდან და სახლები ინგრეოდა. სახლები ინგრეოდა და ახალი ლუდხანა შენდებოდა. ახალი ლუდხანა შენდებოდა და ახალი სამეგობრო მოდიოდა. ახალი სამეგობრო მოდიოდა და ახალი კაცი მორბოდა. ახალი კაცი მორბოდა და ახალი ქალი მოფრიალებდა. ახალი ქალი მოფრიალებდა და ძველი ქარი ქროდა. ძველი ქარი ქროდა და ქარის წისქვილები ტრიალებდნენ. ქარის წისქვილები ტრიალებდნენ და დონ კიხოტიც იბადებოდა. დონ კიხოტი იბადებოდა და სერვანტესიც კვდებოდა. სერვანტესი კვდებოდა და შექსპირიც კვდებოდა. ანუ 1616 წლის 23 აპრილი იდგა და ლიტერატურა გლოვობდა და Gღმერთი იცინოდა. ღმერთი იცინოდა და ხანდახან კაციც იცინოდა. კაცი იცინოდა და ლუდს სვამდა. ანუ პირიქით: ჯერ ლუდს სვამდა და მერე იცინოდა. და მერე ტიროდა. ბოლოს კი დგებოდა ფეხზე და ბარბაცით ქალს მისდევდა. ქალი გარბოდა და ქარს კუდში მიჰყვებოდა. ქარი მიქროდა და ცდილობდა სინათლის სხივს დასწეოდა. კაცი იდგა და მათ დაჭერობანას უყურებდა. კაცი ხან ფიზიკოსი იყო, ხან პოეტი, ხან ლოთი.კაცი ხშირად შედიოდა ლუდხანაში და სანამ ლუდი დამჟავდებოდა და დახლიდარი დაბერდებოდა, სვამდა ლუდს და მეგობრებთან ბჭობდა, ღმერთი კი იცინოდა, ღმერთი იცინოდა... და ქარი ქროდა..
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი