შუქი


ანდრო ბუაჩიძეს, «გადამტყდარი ლექსების» ავტორს

ქალაქის ქუჩებში ასობდნენ ბოძებს
და ბოძებს შორის ჭიმავდნენ ნერვებს.
საღამოობით კი ნერვები იძაბებოდა
და ქალაქში მოჰქონდა შუქი.
აქეთ იდგა ნაყინის გუბე და იქით _ სისხლის.
ნაყინის გუბეს ლოკავდა კატა,
სისხლისას კი აშრობდა ქარი.
ელნათურები _ აწოწილი და წელში მოხრილი პოეტები _ კი
უჩუმრად იდგნენ და ქალაქის მწივანა ფერებს
ფართო თვალებით ჩასჩერებოდნენ.
აქეთ ეყარა ნამსხვრევები ბოთლების და იქით _ ლექსების.
ბოთლის ნამსხვრევებს მეეზოვე ქურთის ქალი ღიღინით ხვეტდა
და ლექსისას ფანტავდა ქარი.
კიდევ ერთი ნერვი ჩაწყდა რომელიღაც პოეტს სხეულში
და რეზინისხელთათმნიანმა მუშებმა იგი
მაღლა, ბოძებს შორის გააბეს.
აქეთ იდგა ერთი ბოძი და მეორე _ იქით.
ბოძებს შორის ეგდო დანა და
ბოძების გასწვრივ შიშატანილი გარბოდა ქარი.
ქალაქში თხრიდნენ ორმოებს და
რგავდნენ ხეებს და
მიცვალებულებს ასაფლავებდნენ.
ქალაქში თხრიდნენ ორმოებს და
შიგ დაჟანგულ მავთულებს და
მკვდარ ძაღლებს ყრიდნენ.
ქალაქში პოეტს აგლეჯდნენ ნერვებს,
კიდებდნენ ცაში,
მას კი ქუჩაში ტოვებდნენ და ამადლიდნენ
ღერ სიგარეტსა და ჭიქა არაყს.
აქეთ იდო კბილი ნიორი და იქით პური.
მაგიდაზე ობდებოდა ლექსები და
ღრიჭოებში ძვრებოდა ქარი.
ქალაქის ქუჩებში კი ისევ ისე ასობდნენ ბოძებს
და ბოძებს შორის ჭიმავდნენ ნერვებს.
საღამოობით კი ნერვები იძაბებოდა
და ქალაქში მოჰქონდა შუქი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი