ეროტიკული ჰაიკუ
* * * ფეხი მკერდზე მომადო და თითები აათამაშა. კოჭთან წითელი ზოლი ემჩნევა. ეტყობა უჭერს ჩემი ნაჩუქარი ფეხსაცმელი. * * * მთელი საათი იწნავდა კულულებს. მერე გაიშალა. ბავშვობას ვიხსენებდიო - მითხრა, სანამ მაკოცებდა. * * * ერბოკვერცხს წვავს და ღიღინებს. მე კი ჯერაც ვწევარ და საკუთარ ასოს ვეთამაშები. * * * მკლავით წმენდს დაორთქლილ სარკეს და აბაზანიდან ვხედავ გაპარსულ იღლიას და სამართებელს ნიჟარაზე. * * * კატა ბარძაყებს შორის ჩაისვა და ეფერება. ბოთლს ვხსნი და ლამბაქზე რძეს ვასხამ. * * * პირჩაღმა წევს და რუბოკოს ტანკებს კითხულობს. მის ზურგზე ხერხემლის მალებს ვითვლი და ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ. * * * სარეცხის თოკზე ზეწარი რომ გაკიდა, ეზოში მოთამაშე ბავშვებმა ამოიხედეს. * * * ყვავილებს ვრწყავდი. წყალი მომთხოვა და ჩაიდნის ღარიდან დავალევინე. * * * წინდას იცვამს. გალიაში ჩიტბატონები ჟივჟივებენ. ფანჯარა ღიაა და ყველანი მზეს ვუცქერით. * * * შიშველ სხეულზე ხალათი მოიცვა და იატაკს გვის. მე თმის ღერებს ვაცლი ბალიშს. * * * მარაოს მინიავებს და ძუძუები უთრთის. ვენტილიატორი იქვე დგას. * * * თხილს ვუტეხავ და საკუთარი ხელით ვაჭმევ. თავად მან ცოტა ხნის წინ ჩიტბატონები დააპურა. * * * კაბა ისე გაიხადა, მძივი არ მოუხსნია. მარჯანზე ვკოცნი და ხანაც ძუძუსთავებზე. * * * ვარდის ფურცლები დაპუტა და ლოგინში ჩამიყარა. ეკლიან ტოტს ხელში ათამაშებს. * * * დამსკდარ ტუჩებზე გლიცერინს ისვამს. ცივა. * * * მხარზე ორი ანაცერი. დაორთქლილ ფანჯარაზე თითით რგოლები გამომყავს. * * * ციდან ღრუბელი გადაცურდა და ვარსკვლავებმა ღამე გაანათეს. საბანს ვხდი და სხეულზე ხალებს ვუთვლი. * * * იატაკზე ტარაკანა გაცოცდა და ძირს დაგდებულ ბიუსტჰალტერს შემოუარა. * * * ძველებური საათის ქანქარა ჩვენს რიტმს აყვა, ჩამორჩა და ბოლოს გაუსწრო. * * * მესამე დღეა წვიმს. ფანჯარაში ვიყურები. აბაზანიდანაც წყლის ჩხრიალი ისმის. * * * ჭუჭრუტანიდან შემოსული მზის სხივი ჩვენს სხეულებზე გადასრიალდა და დაკეტილ კარს მიაწყდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი