ჯოხი ცაში


ციკლიდან „აივნის ლექსები“

ვიჯექი და ვუყურებდი -
ციდან ჯოხი ჩამოდიოდა.
 
გაკვირვებული ვუყურებდი,
მზერას ვძაბავდი.
არაფერი იცვლებოდა -
ციდან ჯოხი ჩამოდიოდა.
 
დილა იყო.
აივანზე ვიჯექი და,
როგორც წესი, ვეწეოდი.
ნაწვიმარზე, სიჩუმეში,
ჟივჟივებდნენ ჩიტები და -
ციდან ჯოხი ჩამოდიოდა.
 
რა უნდოდა ჯოხს ზეცაში,
ან ზემოდან რანაირად ჩამოდიოდა
ვერ ვხვდებოდი -
მზერას ვძაბავდი,
და ვძაბავდი გონებას, მაგრამ
არაფერი იცვლებოდა,
არც პასუხი მოდიოდა,
ჩიტები ფრენდნენ, ჭიკჭიკებდნენ,
მეზობლები ფუთფუთს იწყებდნენ,
ციდან კი ჯოხი კვლავ ჯიუტად ჩამოდიოდა.
 
„ფანქარი ცაში“ რომ დავწერე,
ალბათ ამიტომ მამასხარავებს
ახლა ღმერთი (თუ ეშმაკი)
უნდა რომ „ჯოხი ცაში“ დავწერო
და საბოლოოდ გადავგვარდე, როგორც პოეტი -
დავასკვენი.
გავედი, ფურცელი და კალამი ვიპოვე და
უკან დავბრუნდი.
მოვემზადე, ხელი შევუწყვე
საბოლოო გადაგვარებას.
 
ციდან ჯოხი ჩამოდიოდა -
დავწერე ერთხელ.
ციდან ჯოხი ჩამოდიოდა -
დავწერე კიდევ.
ციდან ჯოხი ჩამოდიოდა… –
აი, ფრაზა, რაც ადასტურებს
ჩემს საბოლოო შემოქმედებით გადაგვარებას.
 
ამასობაში ჯოხის სიგრძეც გაიზარდა.
ჩამოეშვა.
წამონაზარდიც გაუჩნდა: რგოლი.
მერე ფეხებიც.
ანუ ნისლი გაიფანტა.
 
და ვიჯექი მოწყენილი,
დათრგუნული,
ანძას ვუმზერდი მთაწმინდაზე.
ჩიტები ფრენდნენ,
მეზობლები ყაყანებდნენ,
პოეზიის ბოლო ნასახი -
ჯოხი ცაში -
უცებ მოკვდა.
 
მე გადავგვარდი?
თუ პოეზია გადაგვარდა?
თუ ერთდროულად გადავგვარდით?
თუ გადავრჩით?
თუ უბრალოდ ნისლი ჰაერში გაიფანტა? –
ვერაფერს მივხვდი.
 
იმას კი მივხვდი,
მაინც რა კარგი იყო, როცა
 
ციდან ჯოხი ჩამოდიოდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი