ევრიდიკე


დიანა ანფიმიადის და
ქეთი თუთბერიძეს

ვინ ვის სად სდია,
კუდში ვინ ვის მიჰყვებოდა,
ვინ ჩაეშვა მიწის ქვეშ
ან ვინ რას მღეროდა –
ან სად გაჩერდა,
სად გაშეშდა,
ნარნარი ხმა სად ჩაიწყვიტა –
აღარაფერი მახსოვს ზუსტად,
ამერია დავთრები და
ამემღვრა ტვინი –
ვიღაც მიყვარდა,
ჰო, იყო რომ ვიღაც მიყვარდა
და ვიღაცას თითქოს ვუყვარდი,
სიბნელეში ერთიმეორეს
დინჯი ნაბიჯით დავდევდით და
ვთამაშობდით გაშეშობანას…
სრული წკვარამი ჩვენთვის ხანდახან ინტიმი იყო,
მერე აღარ,
მერე ისევ,
და ისევ აღარ…
„ამო ზემოთ!“ – დავძახოდით,
კარგად მახსოვს,
ერთიმეორეს…
და მე ვიყავი მასზე უფრო ჯიუტი და
იგი იყო ჩემზე უფრო აუტანელი…
ხან მე სიმებს ჩამოვკრავდი ჩემს თლილ თითებს
და ხანაც ის აჟღერებდა ქნარს ახალ ხმაზე…
რამ დაგვათრო,
ნეტა ასე რამ დაგვათრო,
რომ აღარ გვახსოვს,
სად წავედით,
ვინ ვის სდევდა,
ვინ გაჩერდა,
ვინ რას მღეროდა…
……………………………..
ევრიდიკე ვარ,
გაყინული ვდგავარ და ვფიქრობ:
მთელი ცხოვრება ქნარზე ვუკრავდი
და ვმღეროდი მატკბობელა ხმით,
სანამ სისხლი უსაშველოდ არ ამიჩქროლდა
და ერთ ჭაბუკს მოუსავლეთში არ გავეკიდე…
პირმშვენიერი ეს ჭაბუკი კი
ხან ჰაეროვან კოცნებს გზავნიდა,
ხან იქედნურად იღიმოდა,
ხან ჩერდებოდა,
ხან გარბოდა ან
უკან მომდევდა…
……………………………………………………………………………………
ბნელა, თითთან თვალს ვერ მიიტან
და ვერც თვალს თითთან,
ვდგავარ და ვფიქრობ,
ის სად არის –
მაღლა, მზის ქვეშ,
კიდევ უფრო დაბლა, სულმთლად ყიამეთში თუ
აქვე, ჩემს გვერდით…
………………………………….
ბნელა და ვმღერი…
………………………………….
და შორიდან მელოდია მესმის ნაცნობი…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი