ავტობიოგრაფია


იყო დრო,
ის ფიქრობდა ასე:

გაუგებარია – ღმერთი
გასაგებია – კუბიკი
ზუსტია – პარალელეპიპედი
ძნელია – სახლი
სახლშია – კუბიკი
კუბიკშია – ღმერთი
ღმერთშია – გასაგები და ა.აშ.

მერე იყო დრო,
როცა თხზავდა ასეთ კუპლეტებს:

გამოვდიოდი გარეთ,
ამოდიოდა მზე,
მიღებდნენ ლუდის ბარებს,
ასფალტს უგებდნენ გზებს.

შემდეგ ასე დაიწყო წერა:

მე შენ მიყვარხარ,
ისე, როგორც სულ არავის დედამიწაზე…
მე შენ მიყვარხარ,
და ყოველ დილით ველოდები,
როდის ამოვა მზე, ჩემი სახლის
მძიმე კარი როდის, როდის გაიღება
და ღმერთო, როდის
დავიძვრები შენი გულისკენ…

ეს დროც გავიდა,
და დაჯღაბნა:

ამის კარგიც,
ფუ, ამის კარგიც!..

იყო მომენტი, გაიფიქრა:

რა არის ნეტა
ეს კარგადყოფნა ან ცუდადყოფნა…

ხოლო მერე:

ქარი ხან ჰქრის და ხან არა ჰქრის,
ფოთლები კი სულ მიჰქრიან თურმე ქარდაქარ..

აი, ბოლოს კი
მწოლიარემ ლოგინში, თავის
მწვანე კედლებს შეხედა და გაახსენდა:

პარალელეპიპედი,
კუბიკი,
სახლი,
ცხოვრება,
ღმერთი… – მარტივია, რთულია, ზუსტი…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი