მაია სარიშვილის ლექსების გაცნობის შემდეგ


არიან ქალები-უდაბნოები,
ისინი უნდა გადალახო და დატბორო.
არიან ქალები-ჭაობები,
ისინი უნდა ამოაშრო.
არიან ქალები-ლარნაკები,
ისინი წინ უნდა დაიდგა და ათვალიერო,
ხოლო შიგ ჩააწყო შენგან დაკრეფილი ყვავილები,
რომლებიც მალე გაგიხმება და გადაყრი მერე!
არიან ქალები-ტოლჩები,
რომლებიდანაც ვნების წყალი უნდა დალიო,
არიან ქალები-ყრუ კედლები,
მათ უნდა გვერდი აუქციო.
არიან ქალები-ხელსახოცები,
ისინი თუკი ერთხელ მაინც გამოიყენეს,
მერე არავის არაფერში არა სჭირდება.
არიან ქალები-გუშინდელი გაზეთები,
მათ არავინ აღარ კითხულობს.
არიან ქალები-ფორმულები,
მათ ძუძუებს დაავიწყდათ
მამაკაცების ტუჩების ელდა.
არიან ქალები-მყუდრო ოთახები,
შეგიძლია შიგ შეხვიდე და მოისვენო.
არიან ქალები-ნიაღვრები,
რომლებიც აქეთ წალეკვას გვიქადიან,
არიან ქალები,
მათ „სიყვარულზე“ ლაპარაკით ვუჭედავთ ყურებს.
არიან ქალები,
რომელთაც სწორედ ამ სიტყვით უნდათ, რომ დაგვამარცხონ.
არიან ქალები,
მუდამ ჩვენთან არიან ქალები,
არიან ქალები - რომელთაც გვშობეს,
არიან ქალები - დაგვიტირებენ რომელნიც ბოლოს,
არიან ქალები - ჩვენი შვილები,
ჩვენს მიერვე ჩვენივ ჟინისგან გამოჩორკნილნი,
არიან ქალები...
და არიან კიდევ ქალები-პოეტები,
დაღლილნი და ღამეების მარტოობას შეფარებულნი,
ქალები-ტკივილები
„თვალების რაფაზე ჩამოწყობილი ცრემლებით“,
ქალები, რომელთაც შეუძლიათ
მამაკაცების ბინძური გულები - ავგიას თავლები
გააღონ ხანდახან, გაანიავონ და გამოწმინდონ,
ქალები, რომელთაც ბაგეებზე პომადის ნაცვლად სცხიათ ლექსები,
ქალები, რომელთა სხეულებზეც სუნამოს სურნელი
სურნელია ბალახების, მზის და გვირილის,
ქალები, რომლებიც ყველაზე მეტად და
ყველაზე ნაკლებად არიან ქალები,
ქალები, რომლებიც ვერ გახდებიან ვერც ჩვენი დედები,
ვერც ჩვენი დები, ვერც ჩვენი ცოლები,
რამეთუ ისინი ეკუთვნიან ყველას და არვის,
რამეთუ მათ სუსტ მხრებს აჰკიდეს
ჩვენი ცოდვები და ტკივილები.
რადგან მათ უთხრეს: თქვენ უნდა იყოთ
უდაბნოები-ქალები და კიდევ ქალები-ჭაობები და ლარნაკები,
თქვენ უნდა იყოთ ქალები-ტოლჩები, ქალები-კედლები,
ხელსახოცები, გუშინდელი გაზეთები და ნიაღვრები,
თქვენ უნდა იყოთ ქალები-მყუდრო ოთახები
და ის ქალები, სუყველანი,
რომლებიც „უბრალო“ ქალები არიან და
ზურგზე მოგდებული თავიანთი პატარ-პატარა
ტკივილისა და სიხარულის გუდით დადიან,
დადიან და ვერც გუმანობენ, რომ თქვენც არსებობთ,
ტუჩებზელექსებწაყრილი ქალები
ძალიან დიდხანს ნამალავი და
უნებურად მაინც აშკარად გაცხადებული პირღია ჭრილობებით,
ქალები-პოეტები ლურჯი ზმნებებით
და „ყელზე გამობმული ღუზით, რომელიც ცაში გახრჩობთ“,
ქალები-პოეტები, რომელთაც ასე ძალიან მინდა გითხრათ:
დიდი მადლობა და ბოდიში ყველაფრისათვის!

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი