ქაღალდი და “კაპიროვკა” (საბეჭდი მანქანაც)


ისინი იყვნენ მტრედები, ხოლო ჩვენ – ყვავ-ყორნები.
ვცხოვრობდით ერთად.
სულ ერთმანეთში ვირეოდით.
სულ ერთმანეთს ვეტმასნებოდით.
ჩვენი პატრონის ნაფიქრ-ნათქვამს ერთად ვუსმენდით.
ყოველი სიტყვა, რომელიც მტრედებს გულზე
ხვდებოდათ,
ჩვენს გულებსაც მსჭვალავდა ხოლმე.
ამ სიტყვებისგან მათ ბუმბული ალაგ-ალაგ
უმუქდებოდათ,
ჩვენ კი თანდათან ვიცრიცებოდით,
ვფერმკრთალდებოდით.
მთლად თეთრი ყვავები ვერ ვხდებოდით,
მაგრამ მაინც…
ხომ გაგიგიათ:
ყვავი მტრედთან (თუ მტრედი ყვავთან) რომ დააბა,
ან ზნეს იცვლის, ანდა ფერსაო.

ისე, მათზე ბრძენნი ვიყავით.
მტრედებს პატრონი გულისნადებს მხოლოდ ერთხელ
უზიარებდა
და გუნდ-გუნდად წაასხამდა ხოლმე მერე რედაქციებში,
იქ, სადაც მათ უმოწმებდნენ
ბუნდღა-ბუმბულს, ჩვენგან დალაქულს.
ჩვენ კი პატრონი სახლში გვტოვებდა,
სხვა მტრედებში შეგვრევდა და
ახლა უკვე სულ სხვა რამეზე
გვიწყებდა ბაასს.
ხან რას ამბობდა, ხან რას, თანაც,
ადრინდელ ნათქვამს, როგორც წესი, უარყოფდა,
ერთი სიტყვით, არეული ჰქონდა გონება,
და საკუთარ ამ შეუსაბამო აზრებს ჯიუტად,
განუწყვეტლივ ჩაგვჩიჩინებდა.
და მერე, მისი ერთი აზრი მეორეს რომ ედებოდა,
ეფინებოდა,
და მეორეს კი მესამე თუ მეოთხე,
ჩვენც თანდათან ვიბნეოდით,
ჩვენც ჭკუიდან გადავდიოდით.
ის თავის მერანს – საბეჭდ მანქანას – უგზოუკვლოდ
მიაგელვებდა,
ჩვენ კი უკან მივჩხაოდით, თვალბედითები…

დასასრული კი ერთნაირი იყო მუდამ:
ტვინშერყეულ, აჭრელებულ შავ-თეთრ ყვავებს
მოგვიქცევდა ერთხელაც მუშტში,
მოგვჭყლიტავდა უმოწყალოდ და მოგვისვრიდა.
თუმც იმ ფინალს დღეს ვიღა ჩივის.
რაც არ უნდა სასტიკი და მწარე იყოს სიკვდილი, თუკი
არის ცხოვრება, _
ღირს ის სიკვდილად!
დღეს კი,
დღეს ყველგან, პატრონებმა, საუკეთესო შემთხვევაში
დაიტოვეს სახლებში მხოლოდ მტრედები, ჩვენ კი
სამუდამოდ გადაგვივიწყეს…

და დავფრინავთ ჩვენც უსასოოდ
მათ გაპრანჭულ კაბინეტებში
და დავყრანტალებთ ბინძურსა და სულელურ აზრებს
ჩვენს ძველ პატრონებს,
მათ ბნელ მუზებად გადავიქეცით,
ისინი კი ვერ გვამჩნევენ
და ვერაფერს ვერ ხვდებიან,
მონუსხულები რაღაც ეშმაკის მანქანებთან
საათობით უძრავად სხედან,
და წამდაუწუმ ჩვენს პირად მტერს –
copy-past-ს რომ fuck, fuck-ს ჩავძახით,
ეგეც კი არ ესმით საერთოდ…

დილაბნელზე კი, იმ ეშმაკის მანქანას როცა
ბოლოს და ბოლოს შეეშვება მოღალატე ჩვენი პატრონი
და თავის ლოგინს გადაემხობა,
ჩვენც ვწყვეტთ ფრენას მის კაბინეტში,
და დაქანცულნი კარადის თავზე ჩამოვსხდებით,
სადაც უკვე რახანია
უსიხარულო თავისი ყოფის დღეებს მიათრევს
უსამართლოდ მივიწყებული მისი მერანიც.
ჩამოვსხდებით, მძიმედ ვთვლემთ და
მასთან ერთად ამ კოშმარულ ძილ-ბურანში
ჩაძირულები
ძველ სიტყვებზე ვფიქრობთ, ვოცნებობთ,
ძველ სიტყვებზე ძველ სიზმრებს ვხედავთ…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი