როგორ ქვეყნდება ყოველდღიური ქალაქი
უთენია იწყებენ მუშაობას ქალაქის კორექტორები და სტილისტები. კრეჭენ ბალახს გაზონებზე, შენობების ფასადებს ღებავენ, გაწყვეტილ კაბელებს აერთებენ. სტრიქონ-სტრიქონ მიუყვებიან ქუჩებს, გამოცდილი თვალით აკვირდებიან: ეს ძაღლი აქ ზედმეტია, მოვაშოროთ, ამ ორ ხეს შუა საგაზეთო ჯიხურია ჩასამატებელი, ბოლოში კი, სადაც ქუჩა მთავრდება, ნაგვის ურნა უნდა დავსვათ აუცილებლად და ახალ ქუჩაზე გადავიდეთ. იქ დედანთან შესადარებელია სუპერმარკეტი _ ციტატა ამერიკული ყოფიდან, რომელიც ახლახან დაიმოწმა ქალაქმა. მოკლედ, საქმე ულევია, მაგრამ ისინიც არ არიან ჯაბანნი. ყოველ დილით მარადი სიბეჯითით ცხვირს რგავენ მტვრიან ფოლიანტებში და თავიანთ მოუთავებელ სამუშაოს უკირკიტებენ: ქვაფენილის ამოვარდნილ ფილებს აგებენ, დღესასწაულებისდაშესაბამისად საზეიმო ტრანსპარანტებს ცვლიან, საგზაო ნიშნებს კიდებენ, დღის ბოლოს კი გაკორექტურებულ და სტილისტურად გასწორებულ ქალაქს დასაბეჭდად აბარებენ რედაქტორ ღამეს.
წყარო: www.lyrikline.org
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი