ტერენტი გრანელი
დღეს გავიღვიძე ნატანჯი გულით, დღეს მომენატრა ნაზარეველი. არ მქონდა ლუკმა და სიცივეში ეკლესიიდან ბაზარს შეველი. ნოქრები იდგნენ ყველგან და ყიდნენ უწმინდურსა და გასახარებელს, ვიყავ უგროშოდ და გამახსენდა, როცა ვაბამდი მე მატარებელს. და თვეში ერთხელ დეპოს ბოლოში ღმერთი მაძლევდა ცოტა ჯამაგირს, მე ვსვამდი ღვინოს, ვამბობდი ლექსებს და ყველა იყო იქ ჯანმაგარი. ამ ბნელ სიხარულს ვერ გავუძელი, სიჭლექე ტანში დამისადგურდა, შევცვალე დეპო სასაფლაოთი, შემრჩა მათხოვრის პეშვი და ხურდა. შემოიძარცვნენ ფოთლებისაგან ხეები ირგვლივ თანდათანობით, ეკლესიაშიც ვეღარ მატკბობდნენ მე მგალობლები ხშირი გალობით. დავიწყე მხოლოდ ზეცაზე დარდი, მხოლოდ სიკვდილზე ვფიქრობდი მშვიდად, რეკავდა ზარებს დაღლილი მნათე, გამხმარ პურს ბალღი ჩიტისთვის ფშვნიდა. დილით მშიერი ფეხს ავითრევდი, ნაზარეველთან იყო იუდა, მივუყვებოდი კოჭლობით გზას და მატარებელი შორს გაჰკიოდა. ნაზარეველი ვნახე ბაზარშიც, დღეს იგი ჩანდა იქ ბობოქარი, ააყირავა სუყველა დახლი, გარეთ გარეკა ყველა ნოქარი. „მოვა საღამო, როგორც წამება, შენ თუ მიშველი, მე რა ვქნა აბა. ოთახში ვზივარ, გარეთ ღამეა, მარტო ვარ ისევ და ქრება ლამპა...“
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი