კონტამინაცია


სიზმრის ყვითელ შუქში
მეგონა ჩინელი გოგონა,
მაგრამ აღმოჩნდა
ჩემი უხსოვარი მიჯნური,
რომელსაც ბოტკინი შეჰყროდა
მას შემდეგ, რაც დამშორდა და
გათხოვდა და მოკვდა.
ის ოქროწამოცმული თითებით
იჭიმავდა თვალის კუთხეებს და
ბაძავდა მანჯურიელ გოგოს,
შანხაის თხუთმეტ მილიონ ადამიანში და
ჩინელ მილიარდში ჩაკარგულს,
მწუხარეს და ხალვათ სამშობლოზე მეოცნებეს,
სადაც შესაძლებელია კონდენსირებული
მეგობრობა და სიყვარული
ჩემნაირ ზრდილ ჭაბუკთან
რეალური დღის ან სულაც სიზმრის ყვითელ შუქში,
როცა ყველაფერი, რაც ბრჭყვინავს, ოქროა -
ქორწინებაც, ავადმყოფობაც და
ლაო-ძის შთამომავალთა კანის ფერი
არაა დაბრკოლება,
არამედ მხოლოდ სიზმრად გამოცხადების
ეფექტური ხერხი და
ერთ მემილიარდედად ყოფნის რუხ სევდაში
თავის შეფარების საშუალება -
ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუკი ოდესმე იყავი რომელიმე
თბილისელი ბიჭის თვალმოჭუტული სატრფო,
ხოლო მერე სხვასთან დაწყვილდი და
სავსებით ჯანსაღი ცხოვრების შემდეგ
აზიის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში
ცნობისმოყვარეობადაქვეითებულ ტურისტად
ყოფნის დროს
გულწრფელად და უცოდველად მოკვდი,
როცა გულზე შემთხვევითმა და არაყვითელმა
რთულმა რიქშამ გადაგიარა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი