სწავლა (ეპიზოდი)
„სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“ დავით გურამიშვილი [...] მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, მოვედინ სუფევა შენი, მოვედინ პური არსობისა ჩვენი, და მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ დღეს... არა, არა, მეშლება მგონი... მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, კი, ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა... ზედა?.. კი, მაგრამ ეგ მერეა... თავიდან: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, ჰო, რა შტერი ვარ, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, ნება იყავნ შენი, თუ პირიქით: იყავნ ნება შენი... კაია, ორივე კაია... ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, – აბა რა! – აბა თავიდან: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა... მმმ... მოვედინ... მმმ... წმიდა იყავნ სახელი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა... ჯანდაბა... წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა მიწასა ზედა... ეგრეცა მიწასა ზედა... მოიცა, გადავამოწმო: ესე იგი: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, – ეგ კარგად ვიცი, – მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, – სწორია, მახსოვს, – ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა მიწასა ზედა... ააა? ქვეყანა? თითქმის იგივეა, მაგრამ კაი, ეგრე იყოს... ესე იგი, ქვეყანასა ზედა და მერე კიდევ პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, – ასეა, ჰო, ასეა, – უცნაურია, მაგრამ ასეა: მომეც ჩვენ, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ... არა, თავიდან ჯობია დაწყება: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა, ანუ წმიდა იყავ... რა? არაფერი, დე... რაღაცას ვკითხულობ, დაიძინე, დავწვები სულ მალე... იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა მიწასა... ფუ, ქვეყანასა ზედა... ვა, მერე რაზე იყო ლაპარაკი? სულ ამებნა ტვინი... ჰო, პური... პური ჩვენი არსობისა, ეგ რამ დამავიწყა, მომეც ჩვენ დღეს, და მოგვიტევე ჩვენ ცოდვა ჩვენი... არა, რაღაც სხვაა მგონი... ჰო, მომიტევე ჩვენ თანანადებნი, – რა რთული სიტყვაა, – ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანანადებთა... კაია, აბა თავიდან: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა... მგონი რაღაც გამომრჩა... მშია... ერთი მაცივარში შევიხედო... არაფერი არაა... ა, აგერ, ცოტა ყველია... სადღაც კიდევ პური უნდა იყოს... მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, ეგრეცა... უჰ... მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სახელი შენი, იყავნ სახელი შენი... გემრიელი ყველია... გადავამოწმო?.. ჰო, თითქმის სწორია, ანუ დამამახსოვრდა, რომ ჯერ წმინდაა, მერე ის, რომ მოდის და მერე ის, რომ მისი ნება უნდა იყოს... აბა... მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, და მერე კი ვითარცა ცასა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, – კაია, აღარ შემეშალა, – ქვეყანასა, ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და... დღეს და... თანანადებნი, თანანადებნი... როგორაა ეგ სიტყვა მაგ წინადადებაში?.. მიუტევე ჩვენ... არა, მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ მათ თანანადებთა ჩვენთა... აუჰ... ჰო, დე, რა იყო, მაცალე რა, რაღაცას ვკითხულობ, ვიცი რომ გვიანია, დავწვები მალე... სწორია მგონი, და ბოლოს, ჩვენ მივუტევებთ თანანადებთა... არა, თანამდებთა... გამიჭირა ამ სიტყვამ საქმე... თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ!.. ამინ... დააა... აბა მეორე ნახევარი ვცადო: პური ჩვენი... უჰ, სიგარეტი სადღა წავიდა... ყველაფერი როგორ იკარგება ამ სახლში... ა, სპორტულის ჯიბეში ჩამიდია... ესე იგი, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანამდებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანა... თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ მე განსაცდელსა, არამედ მიხსენ მე საშინელებისაგან, ამინ... აი, გამოვიდა... რა იყო? ჰო, ვეწევი, რა ვქნა ახლა, კაი რა, დაიძინე... და ნუ შემიყვანებ მე... ააა, მე კი არა, ჩვენ განსაცდელსა, არამედ გვიხსენ... მიხსენ... იხსენ... სულერთია, საშინელებისაგან, არა, ბოროტისაგან, ამინ... მგონი დამამახსოვრდა... აივანზე გავალ და იქ ვიტყვი... აუ, რა კაია... მზეც ამოდის... რა გინდა დე, მოვწევ რა ერთ ღერს და დავიძინებ... აუ, რა ჰაერია... აბა, დავიწყე, წესით უკვე უნდა გამომივიდეს: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცასა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მიუტევე შენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ... მანდ რა იყო? თანამდებთა ჩვენთა, და ნუ შეგვიყვარებ... შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ საზარლისაგან... ალო?.. კი, მღვიძავს... ახლა წვერს გავიპარსავ და მოვდივარ... არა, რას ჰქვია დავაგვიანებ... ცხრაზე? ჰო, მახსოვს, რომ ცხრაზე... არაფერი, ცოტა უძინარი ვარ... რა მექნა, არ დამეძინა და... შენ არ ინერვიულო, ფორმაში ვიქნები... კაი... დროებით... ჰო... აუ, რა დრო გასულა... ესე იგი, ბოლოს მგონი ასეა: ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ მე... მიხსენ მე... ჰო, ბოროტისაგან... აუ, საპარსი არ მქონია... ამინ!.. [...]
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი