ოდა ზღვის კომბოსტოს კონსერვს


ალენ გინსბერგს კალიფორნიის სუპერმარკეტში უიტმენი ეცხადებოდა.
კაჭარავას კი პურის რიგში ნინოშვილი.
ბროდსკის უნდოდა გასტრონომში წიგნი ენახა…
ჩვენ არაფერი არ გვინდოდა, არც არავინ გვეცხადებოდა:
მექანიკურად შევდიოდით მაღაზიაში და ცარიელ თაროებზე საკვებს ვეძებდით.
აღარაფერი დარჩენილიყო.
ძეხვიც, კვერცხიც, ყველიც ბოლომდე გადასულიყო სისხლში, 
რომელიც ძირს იღვრებოდა.
იღვრებოდა ბოლო თაფლი, რძე და შპროტი ცივ, ბნელ ქუჩებში.
არავინ იყო ამ პროდუქტების ახალი პარტიის აქ შემომტანი.
ჩვენ კი გვშიოდა. და ვეძებდით. და ვპოულობდით:
ზღვის კომბოსტოს უცნაურ კონსერვს.

თავიდან გვძულდა. გვაზიდებდა, როცა ვჭამდით.
მერე ნელ-ნელა მივეჩვიეთ: შიმშილის გრძნობას რაკი გვიკლავდა, 
გემოს აღარც ვაკვირდებოდით.
სადღაც ასე ერთი თვის შემდეგ ალღო ავუღეთ, დავაგემოვნეთ.
ფიქრიც დავიწყეთ ხმამაღალი იმის შესახებ,
თუ რა იყო ეს ზღვის კომბოსტო, 
რა ფენომენი.

- ასე მგონია, სადღაც წყნარი ოკეანის ფსკერზე კრეფენ - ამბობდა ერთი.
- და მერე როგორ? სკაფანდრებით ჩადიან დაბლა და მოსავალს ასე იწევენ? 
- შეიძლება, რატომაც არა…
- მეეჭვება, ასე რთულად დასაკრეფი რომ იყოს, მაშინ ასე იაფი ნამდვილად არ ეღირებოდა.
- მართალი ხარ, სანაპიროზე ზღვის სათბურები ექნებათ, ვფიქრობ, გაშენებული.
- და ეგ როგორ?
- ჩვეულებრივ. ზღვის წყალს ასხამენ აუზებში და იქ თესავენ მერე კომბოსტოს!
- სისულელეა… და საერთოდაც, შესაძლოა, ასე ჰქვია, მაგრამ ზღვაში სულაც არ მოჰყავთ...

ვკამათობდით. ახალ-ახალ კონსერვს ვხსნიდით, 
ვაზავებდით აფთიაქში ნაყიდ სპირტს წყალში,
ვაყოლებდით,
და ვცხოვრობდით.

ვინ დაგვიკრიფა, სად დაგვიკრიფა ოცი წლის წინ ზღვის კომბოსტო?
და მერე ვინ დაგვიკონსერვა?
და მერე ვინ შეისყიდა დიდი პარტია ამ კონსერვისა
ჩვენს ქალაქში შემოსატანად?

ალენ გინსბერგს კალიფორნიის სუპერმარკეტში უიტმენი ეცხადებოდა.
კაჭარავას კი პურის რიგში ნინოშვილი.
ბროდსკის უნდოდა გასტრონომში წიგნი ენახა…
ჩვენ არაფერი არ გვინდოდა, არც არავინ გვეცხადებოდა:
შევდიოდით მაღაზიაში და ვიცოდით, რომ ზღვის კომბოსტო გადაგვარჩენდა.

გადავრჩით კიდეც.
და მერე მივხვდით:
ზღვის კომბოსტოს კონსერვის რწმენა თუ არა გაქვს,
ზღვის კომბოსტოს კონსერვს თუკი ვერ შეიყვარებ,
ვერ გადარჩები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი