ფანქარი მიწაში
დღეს ფანქარი დავასაფლავე... ჩემი ერთგული, დაკუტებული, ხანდაზმული, ბრძენი ფანქარი... ოთხი დღის წინ ხელში ჩამაკვდა... არ გეგონოთ, რომ ლექსსა ვწერდი... ვიჯექი და ქვეშმიწერით გადასახადის, ვალების და პურისა და სიგარეტის ხარჯებს ვკრებდი... მოღრღნილ ბოლოზე პირი ვტაცე, მაგრამ უკვე გვიანი იყო: არ უშველა ხელოვნურმა სუნთქვამ, არადა მთელი ცხოვრება გაჭვარტლული ჩემი ფილტვების შხამიანი სიო იყო მისეული შთაგონების უცვლელი წყარო... ჩემმა ძველმა კრებულებმა, საქაღალდეთა ზვინებმა და კომპიუტერის კლავიშებმა დაიტირეს იგი, იგლოვეს…... ხალვათი სასახლე შევურჩიე: ჩემი საწერი მაგიდის უჯრა; გადასახადის, ვალების და პურისა და სიგარეტის მწარე ციფრებით აჭრელებული ფურცელი სუდარად გამოვიყენე... ჩავატანე სათლელები, საშლელები და ორი ლექსი: „ფანქარი ცაში“ და „ფანქარი არაცაში“, და ნივთების მუხათგვერდში დავასაფლავე…... ახლა ვზივარ, მარტოსული, სევდიანი, – მომცრო გორაკთან, ხელში ჯოხი მიჭირავს და დედამიწის ზედაპირზე, მცირე ხნით მაინც, – სანამ წვიმა გადარეცხავს ან ვიღაცის ჩექმა გადაგლესს, – აღვბეჭდო, ვცდილობ, გარდაცვლილი ჩემი ფანქრის ეპიტაფია... ჯოხი... ხელჯოხი... აწი უთუოდ იგი უნდა დამიმეგობრდეს. როცა ფანქარი მიწაში გიწევს, ჯოხიღაა შენი მეგზური. ჩიჩქნე, კაწრე, დაეყრდენი, უფრო მძაფრად შეიგრძენი ასოების გამოყვანის წარმავალობა... ხოლო ბოლოს, როდესაც იგრძნობ აღსასრულის მოახლოებას, მოიკრიბე ერთხელაც ღონე, გადატეხე ეგ ხელჯოხი, ჯვრად შეკარი შენი ჭაღარით, დაასე საფლავს და ექეცი საკუთარ ფანქარს მარადიულ თანამეცხედრედ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი