პოეზია და მწვანე კალბასები
სულ ეზოში იდგა. მზერა ზემოთ გაურბოდა და სახეზე ღიმილი უციმციმებდა. იდგა და თითქოს თავის ანგელოზს ელაპარაკებოდა. ელაპარაკებოდა გამვლელ-გამომვლელსაც. ყელი მაღლა შემართული რჩებოდა, მხოლოდ მზერას თუ დაუშვებდა ოდნავ დაბლა და მეზობელს, ნაცნობს თუ უცნობს შეაგებებდა. ოდნავ შენელებული ტემპით და თბილი ტემბრით რაღაცას იტყოდა და სახე კიდევ უფრო აუციმციმდებოდა. იდგა სოსო ბაძაღუა ეზოში სულ და მე ავუვლიდი, ჩავუვლიდი, გამოველაპარაკებოდი და ვიზრდებოდი. მერე ჩემი ბავშვებიც იზრდებოდნენ. გადაუსვამდა მათ თავზე ხელს სოსო და თავის ანგელოზს დააჯენდა კინკრიხოზე, გააყოლებდა სკოლაში, ვერის ბაღში... გადავიდა მერე ჩვენი სახლიდან - უფრო სწორად, ჩვენი ეზოდან. ეზოც უკვე აღარაფერს ჰგავდა - გარაჟების საგიჟეთი იყო მხოლოდ და მხოლოდ. რამდენიმე დღის წინ მეზობლის მამა გარდაიცვალა. 90 წლის. იმაზე უფრო ლამაზად მოკვდა, არტისტები რომ კვდებიან ხოლმე ხანდახან სცენაზე. თავის ვენახში ვაზს სხლავდა და დაეცა, განუტევა სული. მოვიდა სოსო ბაძაღუა გასვენებაზე. მოიყვანა თან თავისი ანგელოზი. ვიდექით ბევრნი ეზოში. მაგრამ მე მარტო სოსოს ვხედავდი და მის ანგელოზს, რომელსაც ძველებურად უღიმოდა. ისევ ადრინდელი დამიწყო: სადაა შენი წიგნები, რატომ არ მჩუქნიო. რაც კალამს მოვკიდე ხელი და ამის შესახებ შეიტყო, სულ წიგნებს მთხოვდა. ვაჩუქე კიდეც ერთი-ორჯერ, მაგრამ არ აკმაყოფილებდა - სადაა შენი ახალი წიგნი, რატომ არ მჩუქნიო, ყოველდღე მეკითხებოდა ხოლმე. წავედით დასაფლავებაზე, მერე ქელეხში ძველი მეზობლები - მე, სოსო ბაძაღუა, გოგა ხუნწარია, თენგო მანუჩაროვი... ერთადაც ვისხედით... ერთად გამოვედით გარეთ. სადაა შენი ახალი წიგნი, რატომ არ მჩუქნიო - ისევ გამიჩმახა სახეზე მოციმციმე ღიმილით. ცოტა ნასვამმა შევუბრუნე - არ კითხულობ მაინც ამ ჩემს წიგნებს და რად გინდა-მეთქი. აი, თენგო, ვიცი, წაიკითხავს, იმას ვაჩუქებ და თუ გინდა მერე გამოართვი-მეთქი. უცინა სოსო ბაძაღუამ რამდენიმე წამი თავის ანგელოზს, მერე შემომხედა და მითხრა: ის შენი ძველი ლექსები კი ვიცი, მწვანე კალბასებზე რომ წერდი, ახლა რას წერ, ის მაინტერესებსო. არასდროს დამიწერია თითქოს ლექსი მწვანე კალბასებზე, მაგრამ უცებ მივხვდი, იცოდა სოსომ ჩემი ლექსები და ძალიან ზუსტადაც ხვდებოდა, რაზე იყო. რაღაც ეგეთზე - მწვანე კალბასების მსგავსზე. და ახლაც ეგეთია. ასეც ვუთხარი. რომ არაფერი შეცვლილა. რომ ახალ წიგნში ზღვის კომბოსტოს კონსერვებზეა ლექსი. გზის პირას ვიდექით უკვე. დავიშალეთ. და წავიდა სოსო ბაძაღუა, გაიყოლა თავისი მოციმციმე ღიმილი და თავისი ანგელოზი. და დამიტოვა განმარტება საკუთარი პოეზიის - პოეზიის - მწვანე კალბასებზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი