წესიერი ლიტერატორი
მე ვარ წესიერი ლიტერატორი. არ ვიყენებ უწმაწურ სიტყვებს. არ ვეხები ტაბუებს. ეპატაჟს და კიჩს არ მივმართავ. მე ვარ წესიერი ლიტერატორი. ვწერ სიყვარულზე, მეგობრობაზე, სიკვდილზე, ღმერთზე. ჩემს ტექსტებში არის ჩემი ცხოვრების ნაკადი, გაცხრილული სიბილწეებისაგან. ადამიანები კითხულობენ ჩემს ნაწერებს და იწყებენ სხვანაირად ფიქრს. ხანდახან ნერვიულდებიან, წყობიდანაც გამოდიან, რადგან მე ვარ წესიერი ლიტერატორი, თუმცა ძალიან ძლიერი, გამაღიზიანებელი. ისინი გრძნობენ, რომ კითხულობენ უკვე რაღაც ძალიან იშვიათს, თითქმის გამქრალს, გადაშენებულს ლიტერატურული სამყაროდან. მათ იციან, რომ ჯერ ცოცხალი ვარ, მათ გვერდით ვცხოვრობ, მათთან ერთად ვმგზავრობ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ვსუნთქავ მოწამლულ ჰაერს, ვუსმენ მოქალაქეთა მოწამლულ სიტყვებს, და მიუხედავად ამისა, ვარ წესიერი ლიტერატორი. მათ ეს ანცვიფრებთ, მათ ეს აფრთხობთ - ვერ გაუგიათ, ეს რა შარი ავიტეხე და ეს რა შარი ავუტეხე მათ, რატომ ვიქცევი ასე ცუდად: თავში რატომ მომიარა დამღუპველმა, გიჟურმა აზრმა: ვიყო წესიერი ლიტერატორი. მე ვიცი, მე ვგრძნობ, ჩემს ზურგს უკან ნორმალური, ანუ უწესო ლიტერატორები და მკითხველები სინანულით როგორ აქნევენ თავებს, როგორ ლაპარაკობენ ერთმანეთს შორის ჩუმად: საწყალი... თავის თავის უბედური... ამას უკვე არაფერი ეშველება... ნეტა რას იტანჯავს თავს, ვითომ რა უნდა რომ ამით თქვას?.. მე ვიცი, ზურგს უკან ბევრი დამცინის კიდეც: ჩემს წესიერ სტრიქონებს ციტირებენ და მწარედ ხითხითებენ, მათ პაროდირებას ცდილობენ, ამბობენ: ფუ, რა უნიჭობაა, რა საზიზღრობაა ასე წერა! ლიტერატურულ ჟურნალებშიც სულ მაკრიტიკებენ, პირდაპირ მიწასთან მასწორებენ. ამბობენ, რომ საშინლად ჩამოვრჩი დროს და ვეღარ ვგრძნობ ცხოვრების პულსს, რომ ჩემი ლექსიკა მოძველდა, იდეები კი დახავსდა და თანამედროვე მკითხველისთვის ძნელად აღქმადი გახდა. უკვე აღარც კი ვიცი, რამდენი წელია რაც ასე ვცხოვრობ, რაც ამას ვიტან. თუმცა იშვიათად მაინც წამძლევს ცდუნება, უარი ვთქვა ჩემს არჩევანზე, ჩემს ამ მძიმე მწერლურ ხვედრზე და მარგინალი ხელოვანი შევეცადო შევუერთდე მეინსტრიმს, მოვეშვა, მოვისვენო, მაგრამ როგორც კი ამაზე ვიწყებ ფიქრს, მახსენდება, რომ მე ვარ უკანასკნელი წესიერი ლიტერატორი მსოფლიოში და ამიტომ ბოლომდე უნდა დავრჩე ასეთად! დრო მიჰქრის, ახალი შედევრები იქმნება, ახალი ბესტსელერები იწერება, ახალი თაობები მოდიან და მკვიდრდებიან, ახალი პოპულარული მწერლები იპყრობენ მკითხველთა გულებს, ახალი პრემიები რიგდება, მოკლედ, დრო მიჰქრის ისე, როგორც საჭიროა, მე კი ძველებურად ვაგრძელებ წესიერი ლექსებისა და პოემების, მოთხრობებისა და რომანების შეთხზვას, ისევ არ ვიყენებ უწმაწურ სიტყვებს, არ ვეხები ტაბუებს, ეპატაჟს და კიჩს არ მივმართავ. ასეთი ქცევით ლიტერატურული საზოგადოება საბოლოოდ მოვიძულე, თითქოს უკვე აღარავის ესმის ჩემი, მაგრამ რაც არ უნდა უცნაური იყოს, ჩემს ყოველ ახალ ტექსტს მაინც დიდი ინტერესით კითხულობენ, აანალიზებენ. მკითხველს რაღაც იზიდავს ჩემს ნაწერებში - ისინი ვერანაირად ვერ ხვდებიან, თუ რა - მაგრამ ფაქტია, რომ იზიდავთ - აღიზიანებთ, მაგრამ იზიდავთ. ამის საიდუმლო კი მხოლოდ მე ვიცი: მე ხომ უკანასკნელი წესიერი ლიტერატორი ვარ მსოფლიოში, უკანასკნელი კი მუდამ საინტერესოა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი