მე, სხვადასხვა ქართველი მწერლები, ადამიანები და თბილი მიწა
ვერის ბაღში ბიჭები, გოგოები, ჭიანჭველები, ფოთლები და მე და მაისის სითბო მოვედით ერთხელაც. მე დავჯექი ხის სკამზე და უეცრად აღმოვჩნდი დანიელ ჭონქაძის საფლავის წინ. ჩემგან ზურგშექცევით თავსდება ოჯახი: დედა, მამა და ბავშვი. ბავშვს ასმევენ ყვითელ წვენს და მერე ის დარბის, ჩოგბურთის ბურთს დასდევს, პენსიონერები კამათობენ (როგორც ყოველთვის) ჭადრაკის სასახლესთან, მე კი ვზივარ და ვფიქრობ დანიელ ჭონქაძეზე, ვფიქრობ ქართველ მწერალზე, სასკოლო სახელმძღვანელოდან ჩემს მეხსიერებას შემორჩენილ მის მკრთალ სილუეტზე, მის ტუბერკულიოზზე და ნაადრევ სიკვდილზე. დანიელ ჭონქაძე - ბიჭებს, გოგონებს, ჭიანჭველებს და ფოთლებს შორის მოქცეული გრანიტის ქვა, თარიღები: 1830-1860, ვერის ბაღი, ვერის სასაფლაო, რაღაც გაუგებარი, უცნაური და თბილი ჩემს ფეხქვეშ, გასული საუკუნე, წინაპრები, და ჩოგბურთის მომწვანო ბურთს გაკიდებული ბავშვი - დანიელ ჭონქაძე, უკვე ჩემი თანატოლი, და მისი სული, სასკოლო სახელმძღვანელოდან გამოხეტებული, ვერის ბაღში დასტრიალებს გოგონებს ბრდღვიალა თმებს და პენსიონერების ძველმოდურ ქუდებს. მე ვგრძნობ თავს კარგად და სევდიანად. უკვე ვფიქრობ, რომ მისი სული გამომყვება სახლში, ჩამყვება სიზმრებში, ჩემთან დამეგობრებას განიზრახავს... დანიელ ჭონქაძის სული - თურმე ვერის ბაღში რამდენი მოსვლა იყო საჭირო, რომ ბოლოს და ბოლოს მეგრძნო მისი აქ ყოფნა - მე ვზივარ, თითქმის ისე, როგორც სხვები, ვსუნთქავ მაისის სითბოს, სახეს, თითებს, კეფას ვუშვერ მზეს, ვფიქრობ ბადრი გუგუშვილზე, შორენა აბულაძეზე, კარლო კაჭარავაზე, თამაზ ბაძაღუაზე, შოთა ჩანტლაძეზე და დანიელ ჭონქაძეზე, მე ისინი მიყვარს ერთად და ერთნაირად, როგორც ეს ბიჭები, გოგოები, ჭიანჭველები, ფოთლები, ჩემი ცხოვრება - გაბნეული მათ ცხოვრებებს შორის, ჩემდა გასაოცრად, კვლავაც გრძელდება, ჩემი ცხოვრება დაჰყურებს გრანიტის ქვას ვერის ბაღში და საკუთარ არსებობას გრძნობს მთელი თავისი კანონზომიერებით და შემთხვევითობით. იქვე, მიწაზე წაწვენილი ლურჯი ველოსიპედი და ძაღლები სხვადასხვა ზომის და ჯიშის, ამატებენ რაღაც უმნიშვნელოს და აუცილებელს ამ ყველაფერს და მე ვხედავ საკუთარ თავს, ვერის ბაღ-სასაფლაოში მჯდომს, ჰაერი სავსეა მიწით და მიწა ფრინველებით, ფერმკრთალი დანიელ ჭონქაძე ახველებს და მაინც იღიმება, ჩვენ ერთმანეთს ვეხებით ხელისგულებით და ვგრძნობთ სითბოს მაისის, სიცოცხლის, ერთმანეთის, ჩვენ ვდგებით ერთდროულად, მე ჩემი ხის სკამიდან, ის თავისი გრანიტის ქვიდან და ბავშვებს, პენსიონერებს, ჭიანჭველებსა და ფოთლებს შორის დავსეირნობთ, თეთრჩოხიანი მამაკაცები და ჩიხტიკოპიანი ქალბატონები გვესალმებიან მარცხნიდან და მარჯვნიდან, ჩვენ ვსაუბრობთ ოდნავი მღელვარებით და მოწყენილობით მწერლობაზე და მწერლებზე, საქართველოზე, ავადმყოფობაზე, გარდაცვალებაზე და კიდევ სხვადასხვა არარსებულ ნივთებსა და მოვლენებზე. მზე ჩასვლისათვის ემზადება, ჩვენს ფეხებს თანდათან ედება სიბნელე, მტვერი და დაღლილობა, დანიელ ჭონქაძე ახველებს სულ უფრო ხშირად და ჩვენ ვბრუნდებით უკან, მე ვჯდები სკამზე, ხოლო ის ხუჭავს თვალებს და ჩემთან ახლოს, ბალახებში თუ სადღაც, ოდნავ მის ქვემოთ აგრძელებს ძილს, ბიჭუნა მოაჯდა თავის ლურჯ ველოსიპედს და გააქროლა, სკამის მეორე მხარეს, ჩემგან ზურგშექცევით სხვა ოჯახი იკავებს ადგილს - ისინიც სვამენ წვენს და უხარიათ, მათ ფეხქვეშ რაღაც თბილი, უცნაური და ცოტა საშიშია, ის, რასაც ჰქვია წინაპრები, ან მიწა, ან პოეზია, მე ვხედავ მოფუთფუთე ჭიანჭველებს და სიგარეტის ნამწვებს, ვხედავ ჩემს ხელებს და ქართული ანბანის რამდენიმე ასოს, ისინი დალაგდნენ ისეთი თანმიმდევრობით, რომ იკითხება „დანიელ ჭონქაძე“ და მათ სასკოლო სახელმძღვანელოების თითქმის დავიწყებული და დაუძველებელი სურნელი მოაქვთ. მე ვხედავ ჩემს მეგობრებს, ცოცხლებს და არაცოცხლებს, ყველას ერთად და ერთნაირად, ვხედავ წიგნებიდან ნაცნობ სილუეტებს გურამ რჩეულიშვილის, ბასილ მელიქიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვხედავ მათ უცვლელად ახალგაზრდა სხეულებს და მირაჟს საკუთარი სიახალგაზრდავისა. ვერის ბაღი თავისი ოდნავ სასტიკი წარსულით მეკრობა ტანზე და ვგრძნობ, არც ისე მძიმეა მისი მიწა, თანაც გამთბარია მაისით, ბავშვების შეძახილებით და სიცოცხლის იმ წარმოუდგენელი სიყვარულით, რომელსაც განიცდიდა ტუბერკულიოზიანი ქართველი მწერალი დანიელ ჭონქაძე 1860 წელს, მე ვხვდები, სწორედ ამ განცდამ გადმოლახა მწერლის სხეული და საუკუნე და კიდევ ოცდათექვსმეტი წელი, ჩემი თითების მოძრაობაში შემოიპარა და ფურცელზე სტრიქონები გამოჰყავს, მე ვხვდები, სწორედ ამ განცდამ გადმოლახა ჰაერი და მიწა და შეიპარა დედების და საბავშვო ეტლში მწოლიარე თოთო ბავშვების შმუშვნაში, შეიპარა ბალახების შრიალში და ბიჭუნას ველოსიპედით ქროლვაში და აქაურობას ახალისებს, მე ვხვდები, მთელი ეს ლამაზი ენერგია ჩემში, ჭიანჭველებში, ლეკვებში, გოგონებში, ბიჭებში, საიდანღაც მოდის და თანაც მარტო მზიდან არა, ან დედამიწის გულიდან, ეს ლამაზი ენერგია დანიელ ჭონქაძის გულის ენერგიაცაა და კიდევ სხვა გულების, ეს ენერგიაა ბადრის ლამაზი გულის, რომელშიც ვრგავ თავს და ჩემთან ერთად მთელი ვერის ბაღი, მთელი თბილისი, მთელი საქართველო რგავს თავს ბადრის ლამაზ გულში და აი, ასე გრძელდება ცხოვრება, ასე დგება გაზაფხული და მწიფდება ხილი, აი, ასე ვზივარ ვერის ბაღში, ხის სკამზე, მაისის სითბოში, აი, ასე დავჩერებივარ გრანიტის ქვას, რომელზეც ამოტვიფრულია „დანიელ ჭონქაძე 1830-1860“ და აი, ასე წამოვდექი და გავწიე სახლისკენ და აი, ასე ჩამესმოდა ლექსები და მხოლოდ ლექსები ჯერ კიდევ ყურში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი