ენა (პოემა)
„ერთმანეთში გვეწყო ენები“ კარლო კაჭარავა I. სამზარეულოს კედელზე გაკრული რუკა ბავშვობიდან მტკიცედ აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. ახლაც ცხადად ვხედავ ფერებს და კონტურებს სახელშეცვლილი, საზღვარშეცვლილი თუ უკვე არარსებული სახელმწიფოების. ეს იყო გეოგრაფია - როგორც მშობლებმა მითხრეს - ჩემს დას კი გეოგრაფიული ენა ჰქონდა - ამასაც მშობლები ამბობდნენ - და ამაზე ორივე ვიცინოდით - ის ენას ყოფდა და მე ვცდილობდი გამერჩია ზედ მდინარეები და მთაგრეხილები. გეოგრაფიული ენა - ეს ძალზე სასაცილოდ ჟღერდა. II. ენის გამოყოფისათვის გვტუქსავდნენ, ჩვენ კი ვერ ვხვდებოდით, რატომ თვლიდნენ ამას უზნეობად. ჩვენ ხომ ყოველთვის გულწრფელი ინტერესი გვამოძრავებდა სხვათა და საკუთარი ენებისადმი. შეგეძლო ენა მოგემრგვალებინა, მერე სული შეგებერა და მასში, როგორც ბრინჯის მარცვლების სასროლ წვრილ მილში, ჰაერი გაივლიდა. შეგეძლო ენა გადაგეკეცა (და ორ ცისფერ ძარღვს დაინახავდი უკანა მხარეს), ან მაღლა აგეპრიხა და ცხვირის წვერზე მიგედო (ამას ყველა ვერ ახერხებდა), ანდა ლოყა გამოგებერა ენით (თითქოსდა ლუკმა გედო პირში) და ა. შ. საინტერესო იყო ენით თამაში, ენაზე დაკვირვება... და ერთხელაც, შემეცნების ამ უცნაური ჟინით აღვსილებმა კიდევ ერთი ბავშვური ექსპერიმენტის ჩატარება გადავწყვიტეთ: პირისპირ დავდექით, ენები გამოვყავით და ერთმანეთს მივუახლოეთ. უცნაური შიში დაგვეუფლა. ვგრძნობდით, რაღაც ისეთი უნდა მოგვემოქმედა, უწყინარი თამაშიდან რომ გამოდიოდა უკვე. მაინც მივადეთ ენის წვერები ერთმანეთს. . . . . . . . III. ელდა გვეცა - უსიამოვნოდ არაბავშვური. IV. ენას ამოგაგლიჯავო, მასწავლებელმა მითხრა ერთხელ (მგონი ენის ჩვენებისთვის თუ ზედმეტი ლაპარაკისთვის). V. მეზობლის ქალები შეკრებილიყვნენ ჩვენს სახლში და დიდი სუფრისთვის ემზადებოდნენ. მათგან ერთ-ერთი რაღაც ბრტყელს და გრძელს წვრილად ჭრიდა და დიდ ქვაბში ყრიდა. მერე კი მითხრეს: სასარგებლოა მოხარშული ძროხის ენა და შეჭამეო... ეს გამახსენდა, როცა ენა დავიფუფქე მდუღარე ჩაით. VI. ჩაის გემო, ლიმონიანი ჩაის გემო ჩემი გემოა... VII. ყველა ის გემო, ჩემმა ენამ წლების მანძილზე რომ აკრიფა და დაიმახსოვრა, სულ რაღაც წამის მეოთხედში შენს სასაზე ჩამოიღვარა... VIII. ჩვენ ამას უკვე მივეჩვიეთ - როცა ჩვენს ენებს დასცვივდება საჭირო თუ არასაჭირო ყველა სიტყვა და ერთმანეთს დაბნეულნი მივაჩერდებით - გამოსავალს ვპოულობთ მყისვე - ერთმანეთის ენებს ვიქცევთ პირში და ვწუწნით, თითქოს გვინდა, გამოვწოვოთ ყველაფერი ის, რაც არ ითქვა, ან ვერ ითქვა, ან არ ითქმება. ჩვენ ამას უკვე მივეჩვიეთ - და პირიქითაც - დაბნეულობის განსამუხტავად ძალზე იოლად ვასუფთავებთ ერთმანეთის ენებს ზედმეტი ფრაზების და ხორკლებისაგან. ჩვენ ამას უკვე მივეჩვიეთ - ისე, როგორც ხილის კანფეტს, ანდა „მამალოს“, გაჭინჭყლებულ ბავშვს რომ ამშვიდებს. IX. ჩემი ნერწყვი შენს ნერწყვს შეერწყა ისე, როგორც სპერმატოზოიდს კვერცხუჯრედი და როცა იგი გადავყლაპე, მომეჩვენა, რომ ცოტა ხანში გულმუცელიდან რაღაც უნდა დამბადებოდა. X. ეს ჩვენი ნაშიერია, ჩვენი ნესტიანი ენების ნაშიერი - უსუსური და მჩხავანა, მაგრამ ჩვენ ის გვიყვარს. ეს ჩვენი ნაშიერია, თბილი, პატარა ბურთი, რომელიც ჩვენს სხეულებში დაგორავს - ჩვენი სისხლივით წითელი, ჩვენი ენებივით რბილი და მოქნილი, ძვლები არა აქვს, მხოლოდ კოშტები, ენაზე მომდგარი სიტყვებით შედედებული, ენის წვერზე შერჩენილი გემოებით შეწებილი, ეს ჩვენი ნაშიერია, და ეს შენ იცი, როგორც მშობლიური სახლი, როგორც მშობლიური ქალაქი, როგორც მშობლიური ენა. ეს ჩვენი ნაშიერია, სახელი შენ დაარქვი თვითონ და მერე მოუარე, გაზარდე, გამოაწრთე, ჩვენი ნაშიერი, ჩვენი ნაშიერი, ჩვენი ნაშიერი... XI. შეიძლება ჩემმა ენამ საფოსტო კონვერტის წებოვან ზოლს გადაუაროს, ან აუყვეს შენს ტანს ჭიპიდან ძუძუსთავამდე. შეიძლება ჩემმა ენამ მოილოკოს წამომსკდარი ცხვირიდან სისხლი. შეიძლება მურაბა ტლიკოს ან მოიფრქვიოს ზედ წამლის ფხვნილი. შეიძლება ჩემი ენა დაილიოს, ან გახევდეს და ან გაჯიჯვრდეს. შეიძლება ჩემმა ენამ კიდეც მიყივლოს. XII. გველეშაპია ენა. ჩემი კეთილი გველეშაპი. თავის ბუნაგში წევს და მიცავს. ძილშიაც ფხიზლობს. XIII. შეიძლება ჩემმა ენამ კიდეც მიყივლოს. XIV. მოგაბარებ წიგნებს, ტანსაცმელს, სახლს, მოგაბარებ გასაღებებს, ცოდნას, ლექსებს, ხელებს მოგაბარებ, ფეხებს და გენიტალიებს. მოგაბარებ რასაც გინდა, ოღონდ ენას ვერა. იცი, რას ნიშნავს ეს - შენი ენა სხვას მიაბარო. იცი, რას ნიშნავს ეს - კბილებით დაიჭერენ შენს კეთილ გველეშაპს და ვეღარაფერს იზამ. სიტყვები ჩამოგცვივა და გემო. სისხლი გაგიჩერდება და ფიქრი. და ვერც დატოვებ ენას, როგორც სახლი შეიძლება დატოვო, ლექსები ან გენიტალიები, როგორც კალმისტარი და თოვლი, როგორც სახელი და მიწა... XV. და თავიდან გეუბნები: ქუდს, ოქროს ბეჭედს, მანქანას - მოგაბარებ. ფულს, სიზმრებს, თვალის ფოსოებს - მოგაბარებ. მოგაბარებ - რასაც გინდა, ოღონდ ენას ვერა. თუ შენც არ მომაბარე. თუ შენც არ მენდე და არ მომაბარე... XVI. ჩვენ ვსვამდით ლიმონიან ჩაის ლიმონიან ჩაის ლიმონიან ჩაის... და ვჭამდით მოხარშულ ენას მოხარშულ ენას მოხარშულ ენას მოხარშულ ენას... ვიცვლიდით საცვლებს აზრებს და იერს და ფერს და ფერს და ფერს და ფერს და ვგზავნიდით წერილებს ვიღებდით წერილებს ვკარგავდით წერილებს ვხევდით და ფილმებს ვნახულობდით სიზმრებს და ახალწლებს და ფილმებს ვნახულობდით სიზმრებს და ახალწლებს და მსოფლიო რუკა გეოგრაფიული რუკა პოლიტიკური რუკა კედელზე ეკიდა და ლიმონიან ჩაის ვსვამდით ჩვენ და ვლაპარაკობდით ვჩუმდებოდით და ვყვიროდით ვიცინოდით ვყვიროდით და ყოველღამე ვშლიდით ლოგინს ვშლიდით ლოგინს ვშლიდით ლოგინს ვწვებოდით და მერე „ერთმანეთში გვეწყო ენები“.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი