პოეზია
პოეზია არსად არ მიდიოდა. ის ყოველ დილით დგებოდა ფეხზე, შარდავდა უნიტაზში, ხელ-პირს იბანდა, კბილებს იხეხავდა და საუზმობდა. პოეზია არსად არ მიდიოდა. ის როგორც წესი, რთავდა ტელევიზორს, უსმენდა ახალ ამბებს, მერე ფანჯარასთან დგებოდა და საათობით გაჰყურებდა მშენებარე კორპუსის კარკასს. პოეზია არსად არ მიდიოდა. ის აცხელებდა დიდი ქვაბით წყალს, ბანაობდა, ფრჩხილებს იქნიდა, ტანზე თბილად იცვამდა და ხილაბანდს იკრავდა თავზე. პოეზია არსად არ მიდიოდა. დაფრატუნობდა ოთახიდან ოთახში, ცვლიდა გადამწვარ ნათურებს, აჭედებდა მოყანყალებულ საკიდს, ასწორებდა ამოყრილ პარკეტს. პოეზია არსად არ მიდიოდა. ის საღამოობით მოკალათდებოდა სავარძელში და ელოდა კალათბურთის რეპორტაჟს, ახალ ჰოლივუდურ ფილმს და ტელეფონის საქმიან ზარს. პოეზია არსად არ მიდიოდა. მხოლოდ ხანდახან გადიოდა აივანზე, აკეთებდა ჩაბუქნებს და განმკლავებს, ეწეოდა ჰანტელებს და ესპანდერს წელავდა ოცი-ოცდახუთჯერ მაინც. პოეზია არსად არ მიდიოდა. ის მთელი დღეების განმავლობაში იჯდა სახლში და თუ ძალიან მოსწყინდებოდა, ათვალიერებდა ძველ ჟურნალებს და დამტვერილ წიგნებს. პოეზია არსად არ მიდიოდა. მხოლოდ პურის ამოსატანად, რძის საყიდლად ან პენსიის ასაღებად ბანკში. პოეზია არსად არ მიდიოდა. თორმეტი საათის შემდეგ რამდენიმეჯერ ამთქნარებდა, ტელევიზორს თიშავდა და იშლიდა ლოგინს. პოეზია არსად არ მიდიოდა. ის ყოველთვის იძინებდა საკუთარ სახლში, ხედავდა სიზმრებს, რომლებიც გაღვიძებისთანავე ავიწყდებოდა და უდარდელად იზმორებოდა და თვალებს იფშვნეტდა მერე. პოეზია არსად არ მიდიოდა. ის ყოველ დილით დგებოდა ფეხზე, შარდავდა უნიტაზში და თავისთვის რაღაცას ღიღინებდა. პოეზია არსად არ მიდიოდა. მას არ ჰქონდა წასასვლელი არსად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი