სიკვდილის სტატისტიკა


გარდაიცვალა... და მერე რა, რომ გარდაიცვალა?
კოკაც ხომ ტყდება და ხეებიც ხმებიან ხოლმე,
ხომ ვარსკვლავებიც ფეთქდებიან
და ძაღლებიც ფშიკავენ ფეხებს,
და უყვარდაო?.. მერე რა, რომ უყვარდა, ან კი
როგორ არ უნდა ჩაბჟირდე სიცილით,
ამისთანა არქაულ სიტყვებს რომ გაიგონებ?
და თურმე ნუ იტყვით, იტანჯებოდაო _ ასეც კი ამბობენ...
არა, სჯობია უბრალოდ ვთქვათ,
ვთქვათ, რომ დაეჯახა მანქანა მაშინ,
როცა ქუჩაზე გადადიოდა და თან ფიქრობდა,
დაერქმია თუ არა თავისი ლექსების კრებულისთვის
„სიკვდილის ფრთები“.
ვთქვათ, რომ არ გაუგია წივილ-კივილი და
დამუხრუჭების ხმა.
ვთქვათ, რომ ბორბლის ტალახიანი ანაბეჭდი დააჩნდა წიგნს,
რომელიც ხელიდან გაუვარდა და ბარემ ისიც ვთქვათ,
რომ წიგნს ერქვა „სიყვარულის ხელოვნება“ და რომ იგი
ხუთი წუთის წინ შეიძინა გადამყიდველთან,
რომელსაც შუა ტროტუარზე ედგა დახლი და იქვე ვაჭრობდა.
ვთქვათ, რომ ჯიბეში ედო სიგარეტ „პოლიოტის“ 17 ღერი,
ოპერის თეატრის 1 ბილეთი
31 დეკემბრისთვის „რიგოლეტოზე“
და კიდევ მანეთი და 15 კაპიკი ფული.
ვთქვათ, რომ ეცვა მწვანე ქურთუკი,
რომელიც მკლავზე ერთ ადგილას გამოგლეჯოდა
და მის ჯიბეში ტელეფონების უბის წიგნაკი,
კალმისტარი, დაჭმუჭნილი ცხვირსახოცი და
დაუდევრად დაკეცილი ფურცელი იპოვეს,
რომელზეც ეწერა გაკრული ხელით:
ოხრახუში - 2 კონა.
რეჰანი - 1 კონა.
კარტოფილი - 3 კგ.
ხახვი - 3 კგ.
ქეთინო - 22-27-39.
ფურცლის მეორე მხარეს კი იყო
გაურკვევლად მიბღაჯნილი და გადაშლილი:
„შენს ძუძუებში გამთბარი ხელები
ისევ გამეყინა და სამარეში მიმაქვს,
რათა ჯოჯოხეთის ბუხართან ჩამოვაწყო“.
ხოლო იქვე მოუხეშვი ხელით ეხატა
თავმოტვლეპილი, მომღიმარი, დიდცხვირა კაცი...
აი, სულ ესაა და ეს.
ჰო, კიდევ, ბალზამირება გაუკეთა არტუშამ,
საფლავი გაუთხარეს კოლამ, მურმანამ და ჟორამ,
ხოლო დედამ, ტირილით რომ მოუჩხრიკა ჯიბეები
იმას შემდეგ, რაც საუკეთესო და ერთადერთი
სათეატრო და სადაბადებისდღეო შარვალ-კოსტუმი ჩააცვეს,
მწარედ გაიფიქრა,
თურმე სიგარეტს ეწეოდა და მე კი აქამდე მიმალავდაო...
28 დეკემბერს გამოაქვეყნეს
გარდაცვალების ცნობა გაზეთში,
პანაშვიდზე მუსიკად იყო შერჩეული
შოპენი, მოცარტი, ბეთჰოვენი და ფალიაშვილი,
დაასაფლავეს 31-ში 15 სთ-სა და 30 წთ-ზე,
ქელეხზე დარჩა 120 კაცი
(სუფრაზე იყო მხოლოდ წითელი ხიზილალა,
შავი ვერ იშოვეს),
და ვინც დარჩა, ისინიც მალე წამოიშალნენ.
რაღა თქმა უნდა, რომ ყველას სახლში ეჩქარებოდა.
იქ ხომ სულ სხვა სუფრა ელოდათ:
გოზინაყი, ჩურჩხელები და შამპანური...
რა დროს გვამი იყო ნეტა ამ ახალ წელს!
რა დროს გვამი იყო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი