შტეფსელის დახასიათება


ზოგიერთ ოთახში
მხოლოდ შტეფსელები გიყურებენ

მრგვალი შავი პირისახე
წვრილი საშიში თვალები
ჭანჭიკა ცხვირი

შტეფსელები გიყურებენ დაძაბულად
მათ მზერაში 220 ვოლტია
მათ მზერაში იკითხება
რას ფიქრობს კედელი შენზე
შენი ოჯახის წევრებზე
ოთახის ნივთებზე
საერთოდ ცხოვრებაზე

შტეფსელის მზერა გამჭოლია და ულმობელი
მას არიდებენ ბავშვებს
რომელთაც ხშირად უჩნდებათ
შტეფსელისათვის ლურსმნებით თვალების დათხრის
სურვილი

ბავშვები გრძნობენ რაღაც უსიამოვნოს
მაგრამ ის კი აღარ იციან რომ
თუ შტეფსელის დაბრმავება მოინდომე
მას შეუძლია აქეთ დაგაბრმავოს

ასეთია შტეფსელი -
სახეგაბრტყელებული
უაზრო გამომეტყველებით
დაუნდობელი

მას არ მოსწონს სახელი რომელიც ადამიანებმა შეარქვეს
მას არ მოსწონს როცა კედელს ჩაქუჩს სცემენ
მას არ მოსწონს ჩვენი ძილი ღამით

მას დღეც არ მოსწონს

აი ასეთი ახირებულია

მაგრამ ზოგიერთი ჯიჯღინა ბერიკაცივით
ბნელ თვალებში ბევრი შუქი უდგას

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი