ბუნიობის ავტობუსი
რა ლამაზი იყო ეს მოკლე ლურჯი ავტობუსი ზამთრიდან უცებ გაზაფხულში გადმოსული... მე ის დავინახე ჩემი მეოთხესართულიანი ჰაერიდან და მაშინათვე ვიცანი: #12, რუსთაველიდან ვაჟა-ფშაველაზე რომ მიდის, სალონში თურქული წარწერებით და ქართული ლაპარაკით - ადამიანები ისხდნენ შიგ და აბრჟღვიალებდნენ ავტობუსს თავიანთი მალული ოპტიმიზმებით - მე დავყურებდი ავტობუსს ზემოდან და მისი ლურჯი ზოლები მეხუმრებოდნენ, თითქოს ცის კიბის რამდენიმე საფეხური დაბლა მოვიტოვე, ავტობუსის მგზავრნი კი შესაბამის ლაჟვარდთა ანგელოზები არიან, - მე მომეწონა ხუმრობა და გულიანად გავიცინე, მე ავიხედე ზემოთ და დავინახე სიშავე, და გავიფიქრე, რომ ვდგავარ თავდაყირა, და რომ სწორედ მანდეთკენაა მიწა, ცა კი მართლა იქაა, სადაც ლურჯი ავტობუსი მომელანდა - და ეს, სიმართლე რომ ითქვას, მხოლოდ და მხოლოდ გაზაფხულის კარგ საღამოს კარგ გუნებაზე მყოფი ადამიანის საპასუხო შეხუმრება იყო, რის შემდეგაც დარჩა ბევრი სულიერი და მანქანა დაბლაც და მაღლაც, სამყაროში, ხოლო #12 ავტობუსი წავიდა საბურთალოს მიმართულებით, საითკენაც ერთ დროს ცხოვრობდა ჩემი ცოლი, რომელიც გადმოვქაჩე აქეთ, და ამას, რა თქმა უნდა, ჰქონდა აზრი, ისე, როგორც სამყაროს დღეს საღამოს, აქ, თბილისში, სადაც ლურჯმა ავტობუსმა მიღმიერიდან ჩემს დასანახად წუთიერად გადმოიყვანა მიღმიერის მგზავრები და გაქრა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი