მეტეოროლოგიის გამიჯვნა პოეზიისაგან


          „და წავალ ქარში, როგორც მოცარტი,
          გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით...“
                                        გალაკტიონ ტაბიძე

I.
საბოლოოდ უნდა ეთქვას უარი
სტიქიური მოვლენების აღმნიშვნელ სიტყვებს.
განსაკუთრებით ადამიანის სულიერი განცდების
და განწყობილებების გამოხატვისას.
აწმყო-მომავლის პოეზია ამის გარეშე უნდა აიგოს.

II.
ფანჯარაში ვიყურები.
ლექსებში ათასჯერ გადამღერებული წვიმა წვიმს.
ლექსებში ათასჯერ გადამღერებული თოვლი თოვს.
გავდივარ გარეთ.
არაფერი პოეტური არაა ქარში.
მხოლოდ შარვალს მიფართხუნებს,
ცხვირ-პირში მცემს და აზრს მიბნევს,
რაც პრაქტიკულად ადასტურებს
ჩემს თეორიულ მოსაზრებას:
პოეზია და მეტეოროლოგია
თანდათანობით შემოსწყრნენ ერთმანეთს და
ახლა უკვე ის დროა,
დამოუკიდებლად მიხედონ თავს.

III.
ჩემი ბებია (მამის მხრიდან) - მარიამ იათაშვილი,
მეტეოროლოგი იყო.
ჩემი ბაბუა (დედის მხრიდან) - პარმენ რურუა,
პოეტი.
ბავშვობიდან ყველაზე პოეტურად ჩემთვის
სხვადასხვანაირი ღრუბლების აღმნიშვნელი
ტერმინები ჟღერდა.
ბებიაჩემი ცაზე მითითებდა და მასწავლიდა ხოლმე:
„კუმულუსი, სტრატოკუმულუსი...“
მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა.
და მე დღეს,
რაოდენ სამწუხარო და უცნაურიც არ უნდა იყოს,
მეტეოროლოგიის არაპოეტური ბუნების და
პოეზიის არამეტეოროლოგიური ბუნების
მამხილებლად გამოვდივარ.

IV.
ალბათ ხვდებით,
ეს არ არის იოლი საქმე.
მითუმეტეს, როცა თავად გაქვს დაწერილი ასეთი სტრიქონები:
„სულში ქარია თვალწყლიანო ჩემო მარია,
სულში ქარია სიბნელეა თუ ცისმარეა...“
და კიდევ არაერთი ამის მსგავსი.
ჰო, ეს არ არის იოლი საქმე.
მაგრამ მე მაინც ვაკეთებ ამას,
რათა მომავალ ცხოვრება-პოეზიაში
ჩემი თვალებიდან არ იწვიმოს,
თმებზე არ დამათოვოს,
სულში არ მიბოგინოს ქარმა.

V.
მე დავწერე ეს ლექსი,
როგორც პოეზიის ამინდის პროგნოზი და
ქუჩაში გავედი,
სადაც არაპოეტური ქარი
შარვალს მიფართხუნებდა და
ცხვირ-პირში მცემდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი