რვაფეხა


* * *
ოთხნი იყვნენ. ერთდროულად გავიცანი. ხელში შამპანურის ჭიქები უციმციმებდათ და დაუყვედრებლად იღიმოდნენ. ერთი უკვე საკმაოდ შემთვრალიყო და ჟღალი თმა, როგორც გზნება, ისე წაჰკიდებოდა. მეორეს თვალები მოწკურვოდა და ხმა ებინდებოდა. მესამე სასაცილო გოგონა იყო, მეოთხე კი ყველაზე საქმიანი ჩანდა. აღმოჩნდა, მეორეს ჩემს შესახებ რაღაც სმენოდა. თავის მეგობრებს მოკლედ და მცირედი დამახინჯებით მოუთხრო, თუ რას წარმოვადგენდი. ვისხედით, ვსაუბრობდით, ვისხედით. ირგვლივ საერთო ნაცნობები მყოფობდნენ. მუსიკა ჩაირთო და აცეკვდნენ. ჩვენც ვიცეკვეთ, მე და იმ ოთხმა. მერე ერთად დავემშვიდობეთ მასპინძლებს და ქუჩას გავუყევით. ჩანს, გვსიამოვნებდა ერთად ყოფნა, ვინაიდან ხმაურიანი წვეულების შემდგომ კაფეში შევსხედით მყუდროდ, განმარტოებით. პირველის გზნება, მეორის მოკრძალება, მესამის კომიკური ბუნება და მეოთხის სერიოზული ტონი თავისი უცნაური პოლიფონიურობით მაბრუებდა. გვიანი იყო, სახლში რომ გავაცილე.

* * *
მას მერე სულმუდამ ერთად მხვდებოდნენ: ქუჩაში, ან კაფეში, ან ვერნისაჟზე, ან წვეულებაზე. ისინი ხარობდნენ ჩემი ხილვით. ჩვენ გაცნობის პირველ დღესვე რაღაც ჯადოქრული მოვიწონეთ ერთმანეთში და რაც დრო გადიოდა, მიზიდულობის განცდა ორივე მხრიდან სულ უფრო მატულობდა.
- რეზო, რა კარგია, რომ ისევ ჩვენთან ხარ! - ჩამჩურჩულებდა ყურში პირველი.
- რეზო, ჩემო საყვარელო რეზიკო! - სასაცილოდ ხარობდა მესამე.
- რეზო, ძალიან მაგარი იდეა მაქვს! - მეუბნებოდა მეოთხე.
მეორე კი, ერთხელ, შუა ქუჩაში წვერგაუპარსავი და დაქანცული მათ რომ გადავეყარე, დაიხარა და მარჯვენა მხარს ქვემოთ ქურთუკზე მემთხვია. უცებ ვიგრძენი, ეს ჩემი გაცვეთილი და ჭუჭყიანი ქურთუკი მგრძნობიარე კანად როგორ მექცა და ამ მოულოდნელმა შეხებამ ელდასავით როგორ გამიარა ტანში.

* * *
-ასე სულ ერთად რანაირადა ხართ? - ვკითხე რამდენიმეჯერ.
მხრები აიჩეჩეს, გაიცინეს.
უკვე პაემნებზე ვხვდებოდით ერთმანეთს. მათ რვა ტელეფონი ჰქონდათ: ოთხი სახლის და ოთხი მობილური და ეს ძალიან მოსახერხებელი იყო. რვიდან ერთი ყოველთვის პასუხობდა.
ჩემი ყოფა ძირეულად შეიცვალა. ძველ შეყვარებულს განვშორდი და ახლა მხოლოდ ამ ოთხეულით ვსულდგმულობდი. მე მათ ნანა დავარქვი. ოთხივეს ერთად _ ნანა. მე ნანა მიყვარდა, მიყვარდა გახელებით, გაოთხმაგებით და ერთხელაც მე მას ხელი ვთხოვე.
- ნანა, მე შენ ძალიან მიყვარხართ, მე უშენოდ ცხოვრება აღარ შემიძლია. გამომყევით, ნანა, ცოლად, და სიტყვას გაძლევ, რომ ჩემთან ბედნიერები იქნებით!
ნანამ თავები გადააქნია.
- არა, რეზო, მე საშინელი ხასიათი მაქვს. ასე, ერთმანეთს რომ ვხვდებდით, მშვენიერია, მაგრამ ცოლად თუ გამოგყევი, დამიჯერე, დაიტანჯები!
მე ნანასკენ გადავიხარე, კოცნა დავუპირე, მაგრამ ნანამ სახე ამარიდეს.
- ნუ შევტოპავთ, რეზო, თორემ უკან გამოსვლა გაგვიჭირდება...
განვსაჯეთ ბევრი, მაგრამ ნანა მტკიცედ იდგნენ თავისაზე. ჩემი შემოთავაზების შემდეგ ერთი პერიოდი ცდილობდა, არც კი შემხვედროდნენ. ალბათ ფიქრობდა, რომ ამ გზით სიყვარულის ცეცხლს ჩემს გულში ოდნავ მაინც გაანელებდნენ, მაგრამ პირიქით კი მოხდა: რაც უფრო ნაკლებად ვხედავდი ნანას, მით უფრო იზრდებოდა ჩემი მათდამი სიყვარული.

* * *
თითქმის მთელი თვე იყო, არ მენახა. ყველანაირად ცდილობდა, არსად გადამყროდა. რომ ვერსად მოვიხელთე, სახლში ვეწვიე. კარი რომ გამიღო და დამინახა, შეცბა, მაგრამ მზერაში სიხარულის გიჟი ნაპერწკალიც გაუკრთა.
- გამარჯობა, რეზო, - მომესალმა და ლოყა მომიშვირა.
ვაკოცე.
- შემოდი.
წინ გამიძღვა. პირველად ვიყავი მის სახლში.
მშობლებს დაუძახა. გამაცნო. მერე სავარძელში ჩამსვა და კონიაკი და შოკოლადი მომართვა. სახლის ტანისამოსი და შეუღებავი სახე კიდევ უფრო ახლობელს და სასურველს ხდიდა. მთავარზე ლაპარაკს ორივენი ვერიდებოდით. ვისხედით, ვწრუპავდით კონიაკს და უმნიშვნელოზე ვსაუბრობდით. რამდენიმე საათი ასეთ მასლაათში გაილია.
- ნანა! - დაუძახა დედამ.
ნანა გვერდითა ოთახში გავიდა. მე სმენა დავძაბე.
- ეს ის ბიჭია? - ჰკითხა დედამისმა.
- ჰო.
- კარგი ბიჭი ჩანს.
- კი, კარგი ბიჭია...
პაუზა ჩამოწვა.
- მიდი, მიხედე, ეგ მაინტერესებდა...
ნანა შემობრუნდა.
- გვიანია უკვე. წავედი აბა ახლა მე, - ვუთხარი ნანას.
- ნუ ჩქარობ, სულ არაა გვიან...
მაგრამ მე მაინც ავდექი და გასასვლელისკენ დავიძარი. სანამ კარს გამიღებდა, ნანამ მკლავზე ხელი მომკიდა, ჩამომქაჩა და სანატრელი კოცნა მაჩუქა.

* * *
მეორე დღეს თავად დამირეკა და ერთმანეთს შევხვდით. ერთი კვირა ერთმანეთს არ დავცილებივართ, კვირის ბოლოს კი დაქორწინება გადავწყვიტეთ.
ნანა თვალისმომჭრელი პატარძალი იყო: სექსუალური, კდემამოსილი, სასაცილო, სერიოზული...
ნანა ბრწყინვალე მეუღლე იყო. აბსოლუტურად ყველაფერს ასწრებდა... საჭმელსაც ამზადებდა, ჭურჭელსაც რეცხავდა, სამსახურსაც არ აცდენდა, ჩემთან ერთადაც დადიოდა თეატრში და წვეულებებზე...
ნანას ვერავინ შეედრებოდა მაშინაც, როცა ჩემთან სარეცელს იყოფდა...
ნანა მალე დაორსულდა.
ექოსკოპიამ დაუჯერებელი რამ გვითხრა: მის მუცელში არც მეტი, არც ნაკლები, ოთხი ტყუპისცალი იჯდა, ოთხი გოგონა.
ასეთი მდგომარეობა განსაკუთრებულ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვდა.
ჩვენ ხშირად დავდიოდით სამშობიაროში კონსულტაციებზე და მერე პარკში ვსეირნობდით. მე დავცქეროდი ნანას მუცელს და ვერ ვიჯერებდი, რომ შიგ ჩემი ოთხი შვილი იჯდა.
მაგრამ აი, მშობიარობამ კარგად ჩაიარა და მე ჩემს ოთხ ერთიციცქნა მჯღავანა შვილს დავყურებდი.
წარმოუდგენლად ძნელი აღმოჩნდა ოთხი ბავშვის ერთდროულად გაზრდა. ნანა უკვე ვეღარაფერს ასწრებდა. უძილობის, არანორმალური ტემპისა და გაუთავებელი ალიაქოთის გამო ნერვები გაუფუჭდა. მეც საშინლად ავირიე. ნანას უკვე მეტად უცნაურად და თანაც გაღიზიანებული მივმართავდი:
- თეონა, მიე ბავშვს ძუძუ, თორე მოკვდა ტირილით!
- ინგა, სად ხარ აქამდე, გამომიტანე რამე, თორე გამძვრა სული შიმშილით!
- ლელა, თმა მაინც დაივარცხნე, რას გევხარ, თუ იცი!
- ისევ კაპიკი აღარაა სახლში? რა ვქნა, ირმა, ყოველდღე საიდან გამოვჩეკო ამდენი ფული!
ნანა თვალგატეხილი და შემცბარი შემომცქეროდა და სიტყვას ვერ პოულობდა. რამდენიმეჯერ ისტერიკაში ჩავარდა. მახსოვს, ერთხელ მიწიოდა:
- შენ მართლა ოთხი ხომ არ გგონივარ! იქაც გინდა ვიყო და აქაც, სახლშიც და გარეთაც! მითხარი, მართლა ოთხი ხომ არ გგონივარ! მითხარი, მითხარი!..
ვუყურებდი სიშლეგეში გადასულ ნანას და მართლა არ ვიცოდი, ოთხი იყო თუ ერთი.

* * *
- ვგრძნობ, ის აღარა ვარ, რაც ადრე ვიყავი, - მეუბნებიან ნანა, - ბევრი ჩემი თვისება დავკარგე, უინტერესო გავხდი. თითქოს ერთი მეოთხედიღა დარჩა ჩემგან... და თუ ასე გაგრძელდა, მეოთხედი კი არა, მეასედიც აღარ დარჩება... - ოთხივე ბავშვს ეძინა, სახლში იშვიათი სიმყუდროვე სუფევდა, ნანას ჩემს მკერდზე ედო თავები და ერთმანეთს ვეჩურჩულებოდით. ნანა ლაპარაკობდნენ გულდაწყვეტით და სევდიანად.
- კარგი ახლა, ნუ ართულებთ ყველაფერს, ცოტაც, ბავშვები წამოიზრდებიან და ამოვისუნთქავთ... მაგას აჯობებს, ჩამეხუტოთ და დამშვიდდეთ...
- რა თქვენობით მელაპარაკები? - გაკვირვებით შემომხედა ნანამ.
- თქვენობით? მე შენ გელაპარაკებით ისე, როგორც ადრე გელაპარაკებოდით...
- ა, ისევ...
- რა იყო ნანა, რა არ მოგწონთ?
- რეზო, რაღაც სულელური ხუმრობა იცი ხოლმე...
დიდხანს გაგრძელდა მსგავსი დიალოგი. მისი ფინალი კი ასეთი იყო:
- კარგი, ნანა, რაზე ამახვილებთ ყურადღებას... მოდით, მოგეფეროთ და გულზე მოგეშვებათ...
- დარტყმული ხარ, დამანებე, თავი!
- ნანა, მე შენ მიყვარხართ, რატომ არ გჯერათ, ძვირფასო!
- გამიშვი ხელი, ნუ მებღლარძუნები!
- შენ ჩემი ცოლები ხართ! რას ჰქვია, მებღლარძუნებით?
- ჩაიწყვიტე ხმა, და ხელი გაწიე! ვერ გიტან!
უცებ დავინახე ჩემი თავი გარედან. დავინახე, როგორ ვიწექი ლოგინში ოთხ ქალთან ერთად, როგორ ვეპოტინებოდი მათ და ისინი თავიდან როგორ მიშორებდნენ სიძულვილით. მაშინვე ისიც გამახსენდა, რა სატრფიალო ნეტარებაში გადავეშვებოდი ხოლმე მათთან ერთად ორიოდე წლის წინ და რამდენად წმინდა და შეურყვნელი იყო ეს ჩვენი უნებლიე ჯგუფური სექსი: მისი ჩემს სხეულზე მოფათურე რვა ხელი და ჩემს ზურგს შემოჭდობილი რვა ფეხი, რვა ძუძუ - ტკბილი და მკვრივი, რვა თვალი - მიბნედილი, რვა სასწაულმოქმედი ტუჩი...

* * *
დრო გადიოდა. ბავშვები იზრდებოდნენ. ჩვენ ასაკში შევდიოდით. ერთმანეთის ხშირად არ გვესმოდა, მაგრამ კვლავ ერთად ვიყავით. ხანდახან თითქოს ძველებური სითბო გაჩნდებოდა ჩვენს ურთიერთობაში, მაგრამ ჩემს არეულ მეტყველებას - მხოლობითისა და მრავლობითის აჯაფსანდალს - როგორც კი გაიგონებდა, ხელად ცივი და სასტიკი ხდებოდა. ვერც ფსიქოლოგებმა, ვერც ლოგოპედებმა, ვერც ვერავინ ამ საშინელ ჩვევას ვერ გადამაჩვია.
ხშირად ვიხსენებდი, როგორ გავიცანი ისინი. როგორ უციმციმებდათ ხელში შამპანურის ჭიქები და დაუყვედრებლად იღიმოდნენ, როგორ გამეცნენ, როგორ იცეკვეს ჩემთან, როგორ გავუყევით ერთად ქუჩას, როგორ შევსხედით კაფეში განმარტოებით... ჯადოსნური იყო ის პირველი დღე... და შემდგომი დღეებიც. სანამ ყველანი სახლში არ მოვიყვანე. ახლა ვსხედვართ, უკვე ხანდაზმულები, ერთმანეთს ვუმზერთ და ვფიქრობთ, თუ ვინ მოკვდება პირველი. ჩემი სიკვდილი იოლი წარმოსადგენია, მაგრამ თუ რომელიმე მათგანმა დამასწრო, მაშინ არ ვიცი, და ვერანაირად ვერ ვხვდები, რა მოხდება.

* * *
დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გონება გამინათდა და ჩვენს სიკვდილთა შორს განსხვავების არსს ჩავწვდი. ჩემი სიკვდილი ნებისმიერ შემთხვევაში უცაბედი იქნება. ჯერ ვიქნები ცოცხალი და მერე უცებ ვიქნები მკვდარი. აი, ნანა კი თანდათანობით მოკვდება. მისი კვდომის პროცესი გაიწელება. ის თანდათან დაინვალიდდება: მაგალითად, რვა ფეხის ნაცვლად ექვსი შერჩება, მერე ოთხი, ბოლოს ორი და იმ ორ ფეხსაც რომ გაფშიკავს, მაშინღა ჩაითვლება საბოლოოდ მკვდრად.

* * *
კალმით ერთნაირად ნახატი ჩემი Oოთხი გოგო, ჩემს ირგვლივ რომ ფარფატებს და ზრუნავს ჩემზე, მივლის, მეფერება... ვახშამზე ისინი კისკისით ყვებიან, თუ როგორ შეუყვარდა ვიღაც ბიჭს ერთ-ერთი მათგანი, ოღონდ საწყალმა ბიჭმა არც კი იცის, თუ რომელი... ნანა ჩაის ასხამს და თავის შვილებს მხიარულ განწყობაში მხარს უბამს, თუმც ამავე დროს მე ალმაცერად გამომყურებს.
რატომღაც მახსენდება მეორე, ოცდაათიოდე წლის წინ მარჯვენა მხარს ქვემოთ ქურთუკზე რომ მემთხვია... თუმცა მეორე იყო? იქნებ პირველი? ან მესამე? ან მეოთხე? თუ სულაც ოთხივე? ვერაფერს გაიგებ: ყველაფერი იშლება, მერე ისევ ყველაფერი მთლიანდება. რაღაცას დაშლილ მდგომარეობაში თუ წაასწარი, მერე გაგიჭირდება გამთლიანებულის აღქმა.

* * *
მსგავსი ბრძნული დაკვირვებები მაინც ვერ მშველის. მაინც ძველებურად ვიქცევი, ძველებურად ვმეტყველებ, ძველებურად ვურევ ერთმანეთში მხოლობითს და მრავლობითს.
- ნანა, რამდენი ხანია გელოდები, სად წახვედით?
- შვილო, დედა რას შვრებიან?
- გამო, კაცო, ჩემთან, კაი ღვინო მაქვს და ჩემი ცოლი ჩაქაფულს აკეთებენ.
- ახალ ფეხსაცმელს გაჩუქებ შენს დაბადების დღეებზე!
- მიყვარხართ, ჩემო სიცოცხლევ!

***
ნანამ დაინვალიდება დაიწყო. რამდენიმე ფეხის ამპუტაციის შემდეგ კოჭლობით ძლივს დადის. ორ გულზე ინფარქტმა დაარტყა და მარჯვენა ხელების თითებს კარგად ვეღარ ხმარობს. ქალურმა პრობლემებმაც იჩინა თავი და სამი წყვილი მკერდი მოკვეთეს. ამოაჭრეს ოთხივე საშვილოსნო. ნანა დღისით, ჩემს დასანახად, ცდილობს, მხნედ იყოს, მაგრამ ღამღამობით, მაშინ, როცა უკვე დაძინებული ვგონივარ, ბალიშში თავებს რგავს და მდუღარე ცრემლით ტირის. თავი ჯერჯერობით ოთხივე აქვს. ნეტა რომელს დაკარგავს პირველად? ახალგაზრდობაში ქურთუკზე რომ მაკოცა, მგონი ის თავი მიყვარს ყველაზე მეტად... ახლა, ამ ღრმა სიბერეში ვხვდები ამას... ღმერთო ძლიერო, გევედრები, ნანას ეს თავი ბოლომდე დამიტოვე!..

***
სიყვარული მაინც ერთი ყოფილა...
როდესაც ნანას ის ჭაღარა თავი მიწაზე გაგორდა, ცხოვრებამ ჩემთვის ყოველგვარი აზრი დაკარგა... და ისედაც, უკვე ვეღარაფერს ვხვდები... ეს ბოლო ხანებია მე და ნანას რაღაც დაწესებულებაში (მგონი სასამართლოში) დაგვათრევენ, ტელევიზორში გვაჩვენებენ, გვკიცხავენ, გარყვნილებაში თუ სექტანტიზმში გვდებენ ბრალს... ვაიმე, ჩემო ლამაზო ოჯახო... ან თქვენ სად დაიკარგეთ, ჩემო საოცრება შვილებო... ბარემ მეც წამაგდებინონ თავი და დავისვენებ...
ჰმ, მაინც ერთადერთი ყოფილა მთავარი სიყვარული...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი