როგორ გავაძევეთ სახლიდან სიკვდილი
25 აპრილი. 20 სთ. 50 წთ. 1998 წელი. ოქსანა თავხედი არ არის. ოქსანა კვდება. 24 სთ. ვერსად ვერ დავატიეთ, ვერ დავმალეთ ცხრა დიდი ჩანთა. ხვალ ჯანმრთელ სტუმრებს ველით. 24 სთ. 35 წთ. არაფერს არ ჭამს, რომ არ არწყიოს. ოქსანას ხორცი არა აქვს. ოქსანა ცარიელი ძვლებია კანის თხელი ფენით დაფარული. საათი არ ვიცი. ძალიან გვიანი ღამე. თითო-თითო კოვზი თაფლი და ალუბლის წვენი დაასხა თეფშზე. საოცარი სურათი დაიხატა. ოქსანას სისხლი აღარაა ალუბლისფერი. იგი ახლა თაფლივით ღიაა და იქნებ ტკბილიც, თუ ოქსანა ფიქრობს ღმერთზე... კვლავ შუაღამე. ნეტა შენიშნა, რომ მისი მოტანილი ვარდები უწყლო ლარნაკში ეწყო? ტელევიზორი გამორთო შოთამ. მალე დავწვებით. ოქსანას საქართველოში უნდა, რომ მოკვდეს... (თურმე მაინც შემორჩენილიყო მაშინდლიდან რაღაც... რვა წლის შემდეგ მე და მაიამ ოჯახურ არქივში აღმოვაჩინეთ მაიას მიერ რვეულის პატარა ნაგლეჯზე დაწერილი ეს რამდენიმე ფრაზა... ) ოქსანა იღიმებოდა და ტუჩის კუთხეში კანი უსკდებოდა... ხელისგულს იფარებდა პირზე და მის დაბნეულ ღიმილს სისხლი სდიოდა... როგორც ადრე, ახლაც ბევრს ეწეოდა...... ჩემი სამი თვის ქალიშვილის წმიდა სუნთქვა ან აივანზე, ან სადარბაზოში - კიბის ბაქანზე გვყრიდა... უჩუმრად ვეწეოდით.. უფრო ჩუმად ვლაპარაკობდით... ფერფლი ძველი მოგონებების ქარს მიჰქონდა და ქალაქში ფანტავდა... ეს ოქსანას ანდერძს ჰგავდა... მაგრამ კედელს აკრულმა ქალის აჩრდილმა ერთხელ საიდუმლოსავით მითხრა: თუ მოკვდები - მოკვდები, თუ არადა, ესე იგი შეიძლება, რომ იცოცხლო კიდეც... აპრილის თვეში ზაფხული დაიწყო. მთელი ეს დაუჯერებლად ნაადრევი მხურვალება თითქოს უკანასკნელი ქართული საჩუქარი იყო ოქსანასათვის. ის ხომ ყინვასა და თოშს გამოექცა, რათა ადუღებულ თბილისში, სიყვარულითა და მეგობრობით გულანთებულებს შორის ამოხდოდა სული. კვირტები დასკდნენ... კანიც სკდებოდა ოქსანას სახეზე... "გავასეირნებ" - ვეუბნებოდი მაიას და როცა კი მეცალა, მე და ოქსანა ქალაქში გავდიოდით...... ვერის ბაღისთვის ოქროს შუქი დაედგა მზეს და ბოლომდე ამოეთბო. ოქსანა გახალისდა. უსმენდა ჟღერად ფიჭვებს, სიგარეტის კვამლის ნაცვლად მხიარული ჰაერი ჩაჰქონდა ფილტვებში და თავისი სლავური აქცენტით ცოცხლად მესაუბრებოდა ქართულად. საკმაო ხანი შევრჩით იქაურობას. ბოლოს ოქსანამ ლურჯ მონასტერში ისურვა შესვლა. გრძელი სანთელი ეკავა ოქსანას ხელში და ხატებს შესცქეროდა თავისი თვალისმომჭრელი ლურჯი თვალებით... ერთადერთით, რაც მის სხეულში ადრინდელივით საღი და მშვენიერი იყო. და ოქსანა მხოლოდ თვალებით ლაპარაკობდა, მხოლოდ თვალებით ლოცულობდა... ოქსანას ლურჯი თვალები... _ მისი ბევრი თბილისელი ნაცნობისათვის ეს ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენდა იმისა, რომ ადამიანი, რომელიც მის წინ იდგა, კვლავაც ოქსანა იყო და არა ვინმე სხვა... და როცა ფართო შავ სათვალეს იკეთებდა ოქსანა, რათა პირისახის დიდი ნაწილი უცხოთა თუ შინაურთა გაფაციცებული მზერისაგან დაეფარა, იგი უკვე საბოლოოდ აღარ იყო ოქსანა... აეროპორტში დიდი ხანი ველოდეთ მე და გიორგი მას...... და იგი სულ ბოლოს გამოჩნდა... გულისშემაღონებლად ნელა მოდიოდა. სვენებ-სვენებით მოჰქონდა საშუალო ზომის ჩანთა. დიდი, შავი სათვალე ეკეთა. ნელ-ნელა გვიახლოვდებოდა. ვუყურებდი და ვფიქრობდი: "ნუთუ ესაა?" მის უკან აღარავინ ჩანდა. ეს ზანტი შავსათვალიანი ქალი ბოლო მგზავრი იყო. და მაშინ ვთქვი: "აი, ოქსანა". და ხელი დავუქნიე კიევი-თბილისი რეისის ბოლო მგზავრს. გიორგიმ გადმომხედა: "დარწმუნებული ხარ?" კი, ოქსანა იყო. "ჩანთა გამომართვით" - გვითხრა, როგორც კი გამყოფი ხაზი გადმოკვეთა და გადაგვკოცნა. ჩანთა მხარზე მოვიგდე და გარეთ გავედით. ტაქსის მძღოლები დაგვესიენ. "მანქანა არ გვჭირდება!" _ მოიცილა გიორგიმ ისინი. თბილოდა. მზე დაგვნათოდა. ოქსანამ მწვანე ქურთუკი შეიხსნა. და მერე შავი სათვალე მოიცილა სახიდან...... დიდი ხანი შევცქეროდით მე, გიორგი და ოქსანა ერთმანეთს. მერე ოქსანამ შეცბუნებით გაიღიმა და თქვა: "ავადა ვარ..." (ზაფხული იყო, ამ აეროპორტიდან რომ გავაცილე ოქსანა. გავაცილე რამდენიმე წლის წინ... და უძღოდა დამთხვევების უცნაური ჯაჭვი ამ გაცილებას... რამდენიმე თვე იყო, არც კი მომეკითხა ოქსანა. და რომ მოვიკითხე, აღმოჩნდა, კიევს მიფრინავდა მეორე დღეს, დილაბნელზე. ახლობელს ეძებდა მანქანიანს და ვერ ეპოვა ამ წუთამდის... მთხოვა დახმარება ოქსანამ... რამდენიმე უშედეგო მცდელობა და მერე ზაზა: "მოიცა, მოიცა, სად მიფრინავს, კიევში?". "ჰო, კიევში..." "ხვალ ნათესავები მიმყავს აეროპორტში, კიევში მიფრინავენ ისინიც..." ჰმ! და რაკი თვითმფრინავი ალიონზე მიფრინავს, და რაკი ოქსანა შორს ცხოვრობს, და რაკი ოქსანას ბარგი ბევრი აქვს, და რაკი ზაზამ მანქანის ზედა საბარგულზე წინასწარ უნდა დაამაგროს ოქსანას ბარგი, რათა დილით ნათესავებთან გავლა მოასწროს, ჩვენ მივდივართ ოქსანასთან, მოგვაქვს ბარგი, ოქსანა კი რჩება ჩემთან, _ დილის ექვს საათამდე, ამ დროისათვის კი მას ჩემს არკასთან მანქანა დახვდება... ჰო, ოქსანა რჩება ჩემთან, და ამ გამოსათხოვარ საღამოს (ვიცოდით კი მაშინ, ვნახავდით თუ არა კვლავაც ერთმანეთს და როდის?) პირველად დავკოცნეთ ერთმანეთი - პირველად - და არა ვნებით, არამედ ჩვენი რამდენიმეწლიანი ნამდვილი მეგობრობის გულუბრყვილო განცდით... მერე კი, ოქსანა მიწვა და ჩაეძინა დაღლილს თვალისდახამხამებაში. და მე კარი გავიხურე და ღამის თბილისში ვიხეტიალე... შამპანური ვიყიდე, შოკოლადი... მოვბრუნდი, ვიჯექი ფუჟერით ხელში და მძინარე ოქსანას დავყურებდი... ექვსის ნახევარზე გავაღვიძე... ლამის იტირა ოქსანამ: არ სდომებია ძილი, ბოლო ღამეს ზაფხულის თბილისში ხეტიალი სურდა თურმე, მაგიდასთან ჯდომა და ალკოჰოლი ვნებიანი საუბრებისა... ზაზას ნათესავები მუნჯურად მეტყველნი აღმოჩნდნენ. უფრო ზუსტად კი - ერთი იყო მუნჯი, დანარჩენმა ორმა კი ჟესტების ენა იცოდა. აღარ მახსოვს, როგორ დავემშვიდობეთ მე და ოქსანა ერთმანეთს, მაგრამ სხვა მახსოვს, დამშვიდობებისშემდგომი ჩვენი დიალოგი. მუნჯურად მეტყველთაგან გამცილებელი აღმოჩნდა ერთ-ერთი. იგი, მე და ზაზა გარეთ რომ გამოვედით, აეროპორტის მეორე სართულზე, მინის ფასადთან, რეგისტრაციაგავლილი ოქსანა დავინახეთ მუნჯურად მეტყველებთან ერთად. მათ ერთმანეთს შორის კვლავ გააბეს ხელების ქნევა. მე და ოქსანა ერთმანეთს შევყურებდით. მუნჯურად მეტყველნი თავიანთ ხილულ საუბარს შეყვნენ და მის მომთავრებას არც აპირებდნენ. მე რაღაც დავუყვირე ოქსანას. მან მხრები აიჩეჩა, მაჩვენა, რომ ვერაფერი გაიგონა. ხმას ავუწიე, მაგრამ უშედეგოდ. და ამ დროს ზაზამ თავის ნათესავებზე მიმანიშნა: "რას ყვირი, აგერ არ არიან, თუ რამე გინდა, უთხარი და გააგებინებენ". რამდენიმე წუთი ვილაპარაკეთ ასე მე და ოქსანამ: მუნჯების ენით. ჩემი გულიდან ამოხეთქილი წინადადებები ჩემს გვერდით მდგომი მუნჯურად მეტყველის ხელის მოძრაობებად გარდაიქმნებოდა. შუშის მიღმა მყოფნი ამ მოძრაობებს აკვირდებოდნენ და ოქსანას უთარგმნიდნენ ჩემს ნათქვამს. ოქსანას პასუხები ასევე ჟესტებად ცოცხლდებოდა და აწი უკვე თარჯიმნობას მე მიწევდნენ... და ახლა, რამდენიმე წლის შემდეგ, აეროპორტის წინ მდგარი, ვუყურებდი გაძვალტყავებულ ოქსანას და ეს მუნჯური სცენა ჩვენი დრამატულად აღმდგარი ურთიერთობის ავ წინათგრძნობად მელანდებოდა...) ბევრი ვიარეთ გიორგის მანქანით. ჯერ ბაგებში, სტუდქალაქში აგვაყვანინა თავი ოქსანამ. ვერ იპოვა იქ ის, ვისაც ეძებდა, ვინც შეიფარებდა... მერე ავჭალაში წავედით. თითქოს შავი ღრუბელი ჩამოწვა მანქანაში. მონაცვლეობით ვცდილობდით გახუმრებას, მაგრამ ეს უნიათო ხალისი შავ ღრუბელს ვერ ფანტავდა. ისევ თეატრზე ვლაპარაკობდით ყველაზე ბუნებრივად, ყველაზე გულიანად. ჩვენს ლამის უკვე გამქრალ თეატრზე... (გახსოვს, პირველი პრემიერის შემდეგ ტორტი რომ ჩამოგვიტანე? ჰო, რა თქმა უნდა ახსოვს ოქსანას, და გარდასული სილაღის კეთილი შუქი ეფინება ნატანჯ სახეზე...) დათოს, ალეკოს, ნუნუკას, ირინას შესახებ გვეკითხება ოქსანა... ჩვენ, ჩვენ თვითონ როგორა ვართ, - გვეკითხება ოქსანა... ჩემი დაოჯახების ამბავს ვუყვები, მაიას შესახებ ვუყვები, სამი თვის ხატიაზე ვუყვები...... დედაჩემზე ვუყვები, ასე კარგად რომ იცნობს და ასე რომ უყვარს ოქსანას... (ზამთრის ყიამეთ, გაყინულ ღამეებში ერთად ვუსხედით ნავთქურას და ხელებს ვიფშვნეტდით, ვლაპარაკობდით ბოლო სიტყვების ამოწურვამდე, მერე კი დედაჩემი ლოგინს უშლიდა ოქსანას და ის ჩვენთან რჩებოდა, იძინებდა შეიძლება არც ისე თბილად, მაგრამ ტკბილად...) დახვდა ოქსანას ავჭალაში ჟუკა. ბარგი - ეს დიდი ცხრა ჩანთა მანქანიდან გადმოგვაქვს. უყურებს ჟუკა ოქსანას, მერე ჩვენ, თან იბნევა, თან მასპინძლის კეთილგანწყობას არ კარგავს... დასასრულისკენ მიედინება ეს დღე პირველი ჩვენი ხელმეორე გაერთიანებისა... მპირდება ოქსანა, რომ უახლოეს დღეებში მეწვევა სტუმრად და მოინახულებს დედას ჩემსას, მეუღლეს ჩემსას და სამი თვის ქალიშვილს ჩემსას... გატენილი იყო ბარგით ოქსანასი შემოსასვლელი და ჟონავდა ერთ-ერთი გაბერილი ჩანთიდან რაღაც გაურკვეველი სითხე უცნაური მირონივით...... ასე იყო: წიგნები საკუთარი და სამოსი საკუთარი და წამალი საკუთარი და წარსული საკუთარი და ყოველივე, რაც კი ებადა საკუთარი, დაჰქონდა თან ოქსანას და მხურვალე გულით სურდა, თუკი მოკვდებოდა, მომკვდარიყო ყოველივე ამასთან ერთად და მომკვდარიყო ქალაქ თბილისში რატომღაც, სწორედ მაშინ, როცა ბრეზენტიდან სითხე გაურკვეველი გამოჟონავდა მირონივით და პირჯვარს გადაიწერდა მაია, და იტყოდა: მოახდინე მორიგი სასწაული ღმერთო ამ მიწაზე-ცოდვილზე და გადაარჩინე ოქსანა ლურჯთვალა-კეთილი-დაღლილი სიკვდილს... მაია ლოცულობდა, მე - მაგიდაზე დამხობილი - ვქვითინებდი, ოქსანას კი საიდანღაც, ჯადოქრულად, ღონე მოეკრიბა დაუჯერებელი და ჩაჰქონდა ბარგი თავისი დაბლა... ჩემი ბრძოლა ოქსანასთან მარცხით დასრულდა, დედაჩემის ბრძოლა ოქსანასთან მარცხით დასრულდა, მაია ხელად მიხვდა ბრძოლის უნაყოფობას, ჩამოჯდა და წერილის წერა დაიწყო ოქსანასთვის, ოქსანა კი - გაშმაგებული და ძალააღმდგარი - ლოდივით ჩანთებს ლამისდა ფარფატით მიაქანებდა ჩემი ეზოსაკენ... ყველაფერი სრულდებოდა - სრულდებოდა ოქსანას საპროტესტო დემარშით ჩვენი ბინიდან... ჩვენ სიკვდილი გავაძევეთ სახლიდან... - თქვა მაიამ. სამი თვის ხატია ტიროდა. მეჩვენა, რომ ოქსანას მისტიროდა. იმ ოქსანას, შორიდან რომ შესცქერდა მუდამ და უღიმოდა. ოქსანას ეშინოდა შეხებოდა ხატიას, ის გრძნობდა, რომ თითქმის ყველას ეშინოდა ამ შეხების, ამ შეხების წინაშე სუყველა ძრწოდა... შორეული და სასტიკი სიტყვა "შიდსი" უცებ შემოიჭრა ჩვენს ოჯახში. "შიდსი აქვს ოქსანას?" "მალავს, შიდსს მალავს იქნებ..." "თქვენი თავი თუ არ გენაღვლებათ, ამ თოთო ბავშვს რას ერჩით..." "ერთი კარგად შეხედეთ, ვერ ხვდებით, რა ჭირს?" "შიდსი... ღმერთო ჩემო, შიდსი..." "თავხედია ეგ ოქსანა, შიდსი აქვს და ოჯახშია სტუმრად......" (25 აპრილი. 20 სთ. 50 წთ. 1998 წელი. ოქსანა თავხედი არ არის. ოქსანა კვდება. მ.ს.) ოქსანამ თქვა რა ავადმყოფობაც სჭირდა. რთული სიტყვა იყო, გრძელი. ვერ დავიმახსოვრე. ჩემმა ბიძაშვილმა, ექიმმა, სამედიცინო ენციკლოპედიაში ჩაიხედა და თქვა: არსებობს ასეთი ავადმყოფობა და წაგვიკითხა: "იშვიათზე იშვიათი ავადმყოფობაა. ძირითადად ემართებათ ახალგაზრდა ქალებს. დამახასიათებელი ნიშნებია: ორგანიზმის საერთო სისუსტე, სიგამხდრე, უმადობა, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის მოშლა. გრძელდება წლობით. ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზები დღემდე დაუდგენელია. ზოგ შემთხვევაში განკურნებადია..." ამას ავადმყოფობის სამედიცინო ტერმინოლოგიით აღწერა მოჰყვებოდა, რასაც, ცხადია, მე აქ ვერ გადმოცემთ... მაგრამ არ იყო ყოველივე ეს დამაჯერებელი: "შიდსი აქვს ოქსანას და იგონებს რაღაცეებს..." "იქნებ არაა ეგ დიაგნოზი ზუსტი, იქნებ შიდსი აქვს ოქსანას..." "შიდსი..." "შიდსი..." ისედაც დათრგუნული გარემო აბსოლუტურად დაითრგუნა... გაიპრისა... მარტო მე და მაიას არ გვეშინოდა შიდსის, არ გვეშინოდა ოქსანასი, არ გვეშინოდა მისი ცხრა უშველებელი ჩანთის... არ გვეშინოდა მისი უსიცოცხლო მოძრაობების... შეზლონგს ვუშლიდით ოქსანას და ის გახდას იწყებდა. მე ხანდახან ვხედავდი ოქსანას აჩრდილს, გადაჯვარედინებული ხელები ნელ-ნელა რომ აჰქონდა ქვედაკაბასთან ერთად მაღლა, და ყოველივე ეს სასპენსის შენელებულ კადრებს ჰგავდა... თხუთმეტი წუთი იხდიდა ტანთ ოქსანა... ხან ოცი წუთიც და ვინ იცის, ზოგჯერ ნახევარი საათიც... ჩვენ, ჩვენს ოთახებში შეყუჟულები, მდუმარედ, დათმინებით და აფორიაქებული გულისცემით ველოდით, როდის დაასრულებდა ოქსანა ღამის პერანგში გარდასვლას, როდის გაიჭრიალებდა სიკვდილის მიერ მოცემული შეწყალების ნიშანივით შეზლონგი და როდის ამოვისუნთქავდით შვებით... (ვწერ, და ბოლომდე მართალს ვწერ. ვწერ და არ ვაჭარბებ. ვწერ და ვერც კი ვხვდები, რისი დოკუმენტი იქნება ეს... ვწერ: ოქსანაზე, სიკვდილის ხატად გარდაქმნილ მშვენიერებაზე, მის ნათელ-მირონზე ვწერ... ოქსანას ჩანთის ბრეზენტიდან მირონმა გამოჟონა და მაია ლოცულობდა. მე სხვა რა შემეძლო: ვტიროდი მაგიდაზე დამხობილი, ახლა კი ვუზივარ იმავე მაგიდას და ვწერ... ვწერ...) ჰყავდა მეგობრები ოქსანას თბილისში... და თავისი ცხრა უშველებელი ჩანთით, ზურგზე აკიდებული მთელი თავისი ცხოვრებით ხან ერთის კარს მიადგებოდა, ხან მეორისას... მხოლოდ სამიოდე დღე გაუძლებდა ერთი, ხოლო მეორე ერთი კვირაც კი შესძლებდა აეტანა ეს, ვინ იცის, მთავარი გამოცდა ცხოვრებისა... ჩვენ მეტი გავძელით - არ მახსოვს ზუსტად, რამდენი - მაგრამ საბოლოოდ ჩვენც გამოვაძევეთ ჩვენი სახლიდან ოქსანა, სიყვარული-ოქსანა, მეგობრობა-ოქსანა, ანგელოზი-ოქსანა, სიკვდილი-ოქსანა... ვერ მიუსწრო... ხორცით ნატანჯი ოქსანას სულითა და ცხრა ჩანთით დამძიმებული ტაქსი უკვე მიჰქროდა ოქსანას კიდევ ერთი მეგობრის სახლისაკენ, მაია კი იდგა ეზოში თავისი დაგვიანებული და გამამხნევებელი და გამოსათხოვარი და მდუღარე სიტყვებით ხელში და ხელი ეწვოდა... ცელოფნის პატარა პარკში ჩაელაგებინა ნაჩქარევად დაწერილი ბარათი და დედამისის მიერ ნაჩუქარი კულონი ღვთისმშობლის გამოსახულებით. და დღემდე ინახება ნაწერებით გატენილ მის ერთ-ერთ უჯრაში ეს ცელოფნის პარკი... (ვწერ და ვშლი, ვწერ და ვშლი თითქოსდა ზედმეტ ნიუანსებს ამ ისტორიისა. ეს ბოლო აბზაციც ხომ არ წამეშალა?.. ან საჭიროა ვითომ აღწერა იმისა, თუ როგორ გვესტუმრა ოქსანა დამჭკნარი ყვავილებით ხელში, ან იმისა, თუ როგორ ლოთობდა იგი და დადიოდა შავი სათვალეებით და არყის ბოთლით ხელში ქალაქის ქუჩებში?.. საჭიროა აღწერა, თუ როგორ ვრეკავდი კიევში და ვთხოვდი ოქსანას მშობლებს, რომელიმე მისი და გამოეშვათ თბილისში, რათა მუდმივი ყურადღების ქვეშ ყოფილიყო ოქსანა - მე ხომ სამსახური მქონდა და ოჯახი მყავდა და არ შემეძლო, მუდამ ოქსანას გვერდით ვყოფილიყავი; და საჭიროა ნუთუ ამ დოკუმენტისთვის მამამისის პასუხი: რომ ძლივს შეუგროვეს ოქსანას გზის ფული და ცოტაოდენი ჯიბის ფული და რომ არა ოქსანას ისტერიული აჩემება და გაძალიანება, არც კი გამოუშვებდნენ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ოქსანას ისინი თბილისში; და საჭიროა, საჭიროა ნეტა იმის თქმაც, რომ ოქსანა სწორედ ამ ჩემმა ზარმა გაანაწყენა და გააცეცხლა - მეგობრის მხრიდან ამ პრაგმატულმა მიდგომამ და ვერშეგრძნებამ მისი ამჟამინდელი ყოფის ეგზისტენციისა...) ბლოკნოტში მიწერია ოქსანას კიევური ტელეფონის ნომერი. ბლოკნოტი ცვდება, ფურცელ-ფურცელ იშლება და მე ახალ ბლოკნოტს ვყიდულობ: იქ გადამაქვს ძველი ნომრები. ზოგიერთი აღარც გადამაქვს, რადგან ადრინდელი ნაცნობობა ძველი ბლოკნოტივით გაცვდა, დაიშალა... რეალურად აღარც არსებობს... არის უარესი შემთხვევებიც... რამდენიმე ადამიანის ტელეფონს აღარ ვიწერ, რადგან ისინი ძველ და ახალ ბლოკნოტს შორის მონაკვეთზე დაიღუპნენ... ოქსანამდე რომ ვაღწევ, ვიბნევი: არ ვიცი, ცოცხალია თუ არა ოქსანა, უფრო ალბათ არა, მაგრამ ტელეფონის ნომერს მაინც ვათეთრებ ჩუმი იმედით... მერე ცვდება ეს ბლოკნოტიც და პროცედურა მეორდება: ძველი ნაცნობ-მეგობრების ამოკლება, ახლების ჩამატება, რაც სისხლის გადასხმასავითაა - შენი ხელი წვეთოვანზეა მიერთებული, ქუჩაში გადიხარ, კაფეში, თეატრში, თუ სუფრასთან ვიღაცას გაცნობენ, შენ მას ხელს ართმევ და სისხლის მორიგი წვეთი შენს ძარღვებში შედის, შენი ბლოკნოტის ერთ-ერთ ფურცელს ეწვეთება... ადამიანები კვდებიან, ადამიანები ქრებიან, ადამიანები იკარგებიან - და მოდიან ადამიანები... ეს, როგორც წესი, ხელოვნურ სისხლს ჰგავს, მაგრამ უამისოდ ხომ დაიცლებოდი, მოკვდებოდი... ისევ ოქსანამდე ვაღწევ, და კიდევ უფრო ვიბნევი: წლები გადის, ბევრი ამოაკლდა ჩემს ბლოკნოტებს სამარადისოდ - ისეთებიც კი, რომლებზედაც ვერც კი ვიფიქრებდი... და ამ დროს ნუთუ ოქსანას ტელეფონი კვლავაც უნდა რჩებოდეს კუთვნილ ადგილას?.. ჩუმი იმედის დოზები თანდათან მცირდება, მაგრამ მე ჯიუტად გადამაქვს ოქსანას ტელეფონი კვლავაც და კვლავაც ახალ ბლოკნოტში... და რაც დრო გადის, მით უფრო მცირდება შანსი იმისა, რომ მე დავრეკავ კიევში და ოქსანას ვიკითხავ... დაე სიბერემდე, დაე სიკვდილამდე გადამქონდეს ეს ტელეფონი ბლოკნოტიდან ბლოკნოტში, ვიდრე ერთი ემოციური ქმედების გამო სამუდამოდ ამოვშალო იგი ჩემი ცოცხალი ნაცნობ-მეგობრების სიიდან... არა, თუ ოქსანამ თავად არ დამირეკა, მე არასოდეს, მე ვერასოდეს დავურეკავ ოქსანას... - უკვე მერამდენედ გადავწყვიტე ასე და ხელში აღებული ტელეფონის ყურმილი დავდე... თითქმის აკრეფილი ნომერი გავთიშე... ბოლომდე აკრეფილი ნომერიც კი გავთიშე რამდენიმეჯერ და ცივმა ოფლმა დამასხა... კეთილი ანგელოზი იყო ოქსანა თუ ბოროტი ანგელოზი? კიევის ანგელოზი იყო ოქსანა თუ თბილისის ანგელოზი? ავადმყოფების ანგელოზი იყო ოქსანა თუ ლოთების ანგელოზი? ხორცის ამაოება იყო ოქსანა თუ სულის ამაოება? სიცოცხლეზე ჩაბღაუჭება გვასწავლა ოქსანამ თუ სიკვდილის გაძევება? და ბოლო-ბოლო, უნდა მეშინოდეს ოქსანას სიკვდილისა თუ არ უნდა მეშინოდეს? ზაფხულის ოხშივრიან ღამეს, არყის მხურვალებით ბოლომდე სისხლ და ტვინადუღებულები ვისხედით მე და ჩემი მეგობარი ჩემი ბინის ლოჯიაში და მე, სიმთვრალის ბოლო სიშლეგეში შესული, მას ოქსანას ამბავს მოვუთხრობდი. და როგორც კი თხრობა დავასრულე, მეჩვენა, რომ არ უნდა მშინებოდა ოქსანას სიკვდილისა... რომ მთავარი იყო, გამეგო სიმართლე... და რომ საერთოდ და ყოველთვის, მთავარია, გაიგო სიმართლე... და ზაფხულის იმ ოხშივრიან ღამეს, მთვარისა და არყის მხურვალებით ბოლომდე სისხლ და ტვინადუღებულმა, და უშიშმა, ვითარცა ოქსანასავით უხორცომ, მე დავრეკე კიევში... და შემომესმა ქალის ხმა და ვთქვი: ოქსანას სთხოვეთ... და იყო პასუხი: ოქსანა ვარ... მუხათწყაროს აგარაკზე პეიჯერმა დაიწრიპინა. ნატას რწევით დაღლილი და ახალჩაძინებული მაია უცებ გამოფხიზლდა, წამოჯდა და შეშფოთებულმა დახედა პეიჯერს: "OKSANA ZOZXALIA! SHOTA" - ეწერა ლამის დაუჯერებლად. მაია დიდხანს დასცქეროდა პეიჯერს, მერე თავის გაბერილ მუცელზე დაიხედა, გაიღიმა და ზურგი იცვალა... იცოდა, სულ რამდენიმე წამში ზღვისთვალა, ჯანმრთელი ოქსანა დაესიზმრებოდა, ხატიასთან ჩახუტებული...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი