არაგვი


მზე აცხუნებს. წვიმა წვიმს. ქრის ნიავი. ის კი დის...
შენს ქონებას? - იმ ერთი ზვირთით გამოისყიდის...
ჩამავალ მზის ნათელი შეაწითლებს ცის კიდეს.
მნათობს შეცვლის მნათობი. დაღამდება. ის კი დის...
წვიმა დედის ცრემლია შორს წასულის... ის კი - დის...
შეცვლის გლოვას ზეიმი უნაპირო. ის კი დის...
უკარება ჯებირებს მიასკდება რისკით ის.
აღარც რკინა. აღარც ქვა. აღარც კაცი... ის კი დის...
შეეცვლებათ მწვერვალებს კუშტი სახე ასკეტის,
ჩაიშლება ფერდობი, დაცხავდება... ის კი დის...
ადიდდება უეცრად - რის ნაპირი, რის ხიდი...
მსხვერპლს ტირიან სოფელში კლდეზე მიხლილს... ის კი დის...
თითქო მოვალეობას ასრულებდეს ის გიდის -
დუმს ტყე. დუმს მთა. დუმს ჭალა. დუმს ბუერა... ის კი დის...
მომღერალი უბადლო იყოს თითქო ის ჰიტის -
დუმს ბერმუხა, დუმს ალვა, დუმს ირემი... ის კი დის...
პაწაწინა ზვირთების ვერცხლისფერი კასკადის
ცქერით თვლემა მერევა. მე ვიძინებ, ის კი დის...
ვინც ერთგული კაცია, ან იმ ერთგულს ვინც ყიდის -
ის წავა და სხვა მოვა ამა ქვეყნად... ის კი დის...
ხან ყურს ვუგდებთ მის ჩხრიალს, ხან არც ვუსმენთ მის ქვითინს...
ცვლიან გაზაფხულები გაზაფხულებს... ის კი დის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი