ახალი დასტა
(სიმღერა) სამი დამა მირჩევნია სახელოვან სამ კაროლს! _ ქალი ქმნის და ქალი ანგრევს პოეტების სამყაროს... კაროლების _ არა მჯერა, ვალეტის და დამის _ კი! რა წავაგე, რა მოვიგე _ რას დაეძებ, დამისხი! ხელს ვუსვამ და ვეფერები ახალმოსულ სამ დამას _ თითქო მართლა ვეხებოდე მკერდს და თეძოს თამთამას... ბევრიც მკიცხონ, მამუნათონ _ ვერ მოვრჩები ამ თამაშს! ანდა რატომ უნდა მოვრჩე დარდის ჯალათს _ ამ თამაშს... ფიქრში ხშირად ვეფერები ელეგანტურ სამ ვალეტს! _ მეჩვენება _ სწორედ იგი გამისტუმრებს ამ ვალებს... ექვსიანი? შვიდიანი? _ მათი თავი სადა მაქვს! _ ცოლის გამოც ვერ გავწირავ სამაიას _ სამ დამას... სამაია მირჩევნია სახელოვან სამ კაროლს! _ ქალი ქმნის და ქალი ანგრევს პოეტების სამყაროს... თუმცა მუდამ _ დღისით, ღამით _ აურაცხელ ფულს ვაგებ, აგერ ნახე, აგერ ნახავ _ მეც ვიყიდი ფოლკსვაგენს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი