ბოლთა


კილომეტრს მიითვლის რამდენს ან აზრი რაიმე თუ აქვს
ამ ცრემლებს, ამ ბოლთის ცემას სიკვდილს და სიცოცხლეს
შუა...
გინახავს? _ პატარა ბოლთა პატარა, ღაბუა ჩიტის,
რომელიც ლოდიდან მოდის და მერე _ კენჭისკენ მიდის!
ან გახსოვს? _ რა არის ბოლთა პატარა, საწყალი მედ _ დის:
მისი გზა _ დაჭრილთან მოდის და მერე _ ცხედრისკენ
მიდის!
ან ეს გზა რა გზაა, ნეტავ, საიდან მოსული! _ რა ხნის _
გზა _ ბოლთა _ ჯერ მოშვებული და მერე _ მოჭერილ
ხრახნის...
წყურვილი სიცოცხლის _ ზღაპრის; სიცოცხლის _
სიზმრის და მითის,
რომელიც ღმერთიდან მოდის, და ისევ ღმერთისკენ მიდის...
ფიქრის და ცრემლების საგანს _ შენ აღებ პატიმრის
საკანს _
ცის ნაგლეჯს, თვალმოკრულს შორით და ზედამხედველის
ნაგანს,
ნუგეში ეს დარჩათ მხოლოდ გაყრილებს შვილთან და
ცოლთან _
ფიქრი და ფიქრი... და ფიქრი... ბოლთა და ბოლთა და ბოლთა...
ნუგეში ეს დარჩათ მხოლოდ გაყრილებს შვილთან და
ქმართან _
კატუშას; დეიდა მაკას; დეიდა სალომეს; მართას...
სულ სხვაა ტუსაღის ბოლთა და ზედამხედველის ბოლთა,
თუმც ფიქრით სავსეა ორივ და მოლოდინია ორთავ...
მსოფლიოს შემოწვდებოდა, რასაც თქვენ დაფარავთ
მანძილს!
ან ტანჯვას როდისღა ასწრებთ! ან ჭამას! ან
ცრემლებს! ან ძილს!
სირბილი კარიდან კარში! _ ასე ვთქვათ, სირბილი _
ბოლთა!
აღნუსხვა ჩადენილ ფოლთა! გაშვებულ, გატანილ გოლთა!
მზის ბრუნვას, მზის ბოლთას წრიულს, ცის ბრუნვას, ცის
ბოლთას წლიურს,
ანუ ჟამს, ანუ დროს, ანუ ღვთაებას არამქვეყნიურს
ვუმზერთ და გვიყვარს და გვიკვირს ციმციმი იდუმალ
ზოლთა,
იქ სადღაც დასალიერთან _ ცისკრისა და მწუხრის ბოლთა...
სიმწარე წაგებულ სოლდის, და დარდი, და ცემა ბოლთის...
ყოველდღე გადენა ტყეში და მერე მოდენა კოლტის...
სახლსა და სამსახურს შუა, აკვანს და გოლგოთას შუა
სირბილში, ვიცოდე მაინც, რაიმე ღრმა აზრი თუა!
თუ კაცი ბრძენია _ ბრძენის, თუ კაცი ხეპრეა _
ხეპრის,
ორივეს, ორივეს საფლავს ვიღაცა, ვიღაცა ტკეპნის...
საფლავის – შენის და ჩემის _ მკლავს სევდა ამ ბოლთის
ცემის!
მისვლის და მოსვლის და მისვლის! ცრემლის და
ცრემლის და ცრემლის...
პაემანს _ დიდსა და მცირეს! ქალსა და კაცს შუა _
ტირეს!
ღიმილს და ტირილს და ღიმილს! ტირილს და ღიმილს
და ტირილს!
კალმახი სათავეს ეძებს, ადის და იქ, თურმე კვდება!
კალმახიც სათავეს ეძებს! თევზიც კი, თევზიც კი, ხვდება!
წყურვილი სიცოცხლის _ ზღაპრის, სიცოცხლის _
სიზმრის და მითის,
რომელიც ღმერთიდან მოდის და ისევ _ ღმერთისკენ
მიდის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი