გააჩერეთ..


გახსოვთ? - როგორ ღადაობდა
გეო ჩვენი - შავდია:
- გააჩერეთ დედამიწა!
ჩავდივარ! ჩავ-დი-ვარ!

შორი გზა მაქვს! - გრძელი. ძნელი. პოვნა მინდა სიმართლის!
დროც რამდენი დამჭირდება! - ალბათ წლები სინათლის!

დედამიწის - კოსმიური სასაფლაოს გარეთ
ერთადერთი - მე დავრჩები! მე! (და მზე და მთვარე...).

ახლა მარტო ის მაფიქრებს, ის მაგიჟებს, ის მრევს -
თქვენ ვერ გნახავთ! თქვენს მაგიერ ვნახავ თქვენზე სიზმრებს!

ბევრს შევხვდები სამყაროში სხვა სადგურს და ვაგზალს!
ცრემლს როგორმე ვიმყოფინებ - ჩემს ერთადერთ საგზალს!

სულ ერთია - ლადოგია, რიწაა თუ ჩადია!
გააჩერეთ! ხომ გითხარით: - ჩავდივარ!

ვიცი, ფიქრი გამექცევა გაგრისკენ და შოვისკენ,
სოხუმისკენ, ბათუმისკენ... და მე ისევ მოვიწყენ!

რა თქმა უნდა, მიყვარხართ და ახლაც თქვენი დარდი მაქვს,
მაგრამ სიტყვას ვერ გადავალ: - გააჩერეთ! ჩავდივარ!
ჩავ-დი-ვარ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი