გამაღვიძე მამალო


(ფონეტიკური შტუდია: ეძღვნება პ. ის _ ხსოვნას)


მხოლოდ ერთი ასოთი, ერთადერთი ასოთი
არის განსხვავებული აზატი და აზოტი;
ფინელი და ფანელი: ხახოლი და ხახული,
ისე, როგორც შიბი და შუბი წვერწამახული;
კაცები და კეცები, ბურდელი და ბორდელი;
სახელი და სახელო; ორდენი და ორდერი;
ტარანი და ტირანი; ირანი და ურანი;
მარანი და მერანი; ყორანი და ყურანი;
ასკეტი და ასკეცი; პარიზი და პარეზი;
იოგი და იობი; ერესი და არესი;
ოი, როგორ გიყვარდა ტრაპეზუნის თუთუნი,
გოგოებში არშიყი _ მხარზე ფრთების თათუნი...
მხოლოდ ერთი ასოთი, ერთადერთი ასოთი
არი განსხვავებული ასეთი და ას ათი...
რა იცოდი, ქართული ჯიშის თეთრო მამალო,
უნდა თურმე ვნებები მონდომებით მიმალო!
გეშინოდა ამ დამწვარ წიფლის კუნძზე წაწოლის
(როგორც ერთ დროს ხევსურთა სტუმარ მწერალს - წაწალის)...

შენ, ას ათი წიწილის უშურველო მამილო,
წალდით თავის წაწყვეტას ელოდები, მამალო!
კვლავ მამულად დარჩება საქართველო _ მამული,
მაგრამ გამთენებელი _ მოუკვდება მამალი!
დაობლდება _ შექმნილი ერთადერთი ასოთი _
ოცნაირი წიწილა! _ შვილი შენი: ას ათი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი