გმირები


(პათეტიკური)
სალამი სალამს:
ხერთვისს და რუსთავს;
რუსთავს და არმაზს;
არმაზს და ჭყონდიდს!
ჩვენ ბევრჯერ ვიშვით
და ბევრჯერ მოვკვდით.
და როცა მოვკვდით –
ყოველთვის ვცხონდით!..
სალამი სალამს:
ნინოს და თამარს;
თამარს და ნინოს;
და ისევ – თამარს!
თევდორე ხუცესს;
პაატა რაინდს;
ცხრა ლომგულ ძმას და
არაგველს სამასს!..
ყველანი აქ ვართ!
აქ არის ყველა!
შეხედე: ცოტნეც
მოვარდა ჩორთით!
– საქართველოსთვის!
საქართველოსთვის!
საქართველოსთვის!
ბიჭებო სწორდით!..
დიდება მამულს:
ხერთვისს და რუსთავს;
რუსთავს და არმაზს;
არმაზს და ჭყონდიდს!
საქართველოსთვის
ჩვენ ბევრჯერ მოვკვდით,
და როცა მოვკვდით –
ყოველთვის ვცხონდით!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი