ინფექციური ლექსი


ნოდარ დუმბაძის ხსოვნას

გადამდებია სიცოცხლე! გადამდებია ჭირი!
გადამდებია ცრემლები, გადამედო და ვტირი!

გადამდებია აპრილი, ია-ენძელას ფერი!
გადამდებია სიმღერა, გადამედო და ვმღერი!

გადამდებია ღიმილი! გადამდებია ქალი!
გადამდებია სურვილი, ხურო ქვეყანა ჩალით!

ჩამოთავდება საცაა ჩემი ცხოვრების ფირი!
მიწას რომ ვჭამდი, იმ მიწით, ამომევსება პირი...

გადამდებია წითელა და სინანული მწარე,
გადამდებია ვარდობის თვის ორი კვირის მთვარე...

გადამდებია ეჭვების და უნდობლობის შხამი!
მომწამვლელია, დღის გამო რაც გიფიქრია ღამით!

კოცონს აჩაღებს ეჭვების უბრალო ნაპერწკალი!
ეს მწუხარება! ეს ვნება! ის დარდი! ის კურცხალი...

გადამდებია ვეება დარდი სამშობლო მთების...
გადამდებია სიკვდილი, გადამედო და ვკვდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი