პური და სიკვდილი


ეს რიგები - ყვავილივით -
გაქვს ბოლომდე აცრილი!
ის რიგები გახსენდება -
თავის ჯიკავ-ჯიკავით:
რატომ იყო: ვერ ხვდებოდი
თერთმეტი წლის ყმაწვილი
სულ პირველად მისული რომ
სულ ბოლოში იყავი.

კაცმა რომ თქვას, კონკრეტულად
არვინ იყო იქ ავი!
ავი თვითონ ცხოვრებაა
და ლუკმისთვის ქიჩავი!
ვერ ხვდებოდი, სულ პირველი -
ბოლო რისთვის იყავი...
გულს გიკლავდა ბებრის ცრემლი:
„ღმერთო, რა დაგიშავე!“

პურის რიგში ვინც დგას, ყველა
ხომ სიკვდილის რიგშიც დგას!
ესე იგი, ხომ სიკვდილის
რიგიცაა ეს რიგი...
ჭირს ამისი დაჯერება,
სანამ სული პირში დგას! -
ჭირს გარკვევა, სად მეტია
ქაოსი ან წესრიგი!

კამერუნელ, დაგომეელ,
განელ ან პრეტორიელ
ბიჭსაც შია. ეს შიმშილი -
გადარჩენის ჟინია!

(შენ ამ რიგში ბევრჯერ მდგარხარ,
თერთმეტი წლის თარიელ!
და სამოცი წლისას ალბათ
მიტომ არ გეშინია...)

- ჭამეთ პური - ხორცი ჩემი! -
ბრძანებს ქრისტე-ხაბაზი!
- აჰა, გლიჯეთ ჩემი ხორცი! -
ცხარობს ქალი - კაპასი!
აქ აღარ აქვს მნიშვნელობა
უმაღლესს და უმდაბლესს! -
ერთს რომ მილიონი აქვს და
მეორეს - არც აბაზი!

გულს ვერ გიხნის, მიხა, ძმაო,
მთები ჩამოთოვლილი!
პურს და სიკვდილს ერთად უცდის
ღვიძლი შენი - ლტოლვილი!
მაგრამ ხომ დევს იქ, უჯრაში,
ტეტე, ბიძის ნაქონი -
მართლა კარგად შენახული
და კაცურად მოვლილი...
... თითქო ცომი ამოევლოთ
მოგუზგუზე ლავაში -
წითლად კიდეშებრაწული -
მოფრიალებს ლავაში!
და პურიცა და სიკვდილიც
ავიწყდებათ - დაღლილებს
პურისა და სიკვდილისთვის
გაცხარებულ დავაში...

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი