სარეანიმაციო ბლოკი 7
გულო, უნდა მენდო: არაფრად არ მჭირდები! მე -სიკვდილი მინდა და სამოთხის ჩიტები! თქვენც, თვალებო, მენდეთ -არ მჭირდება თვალები, მე -ბურანი მინდა, სიტკბო გარდაცვალების... არ მჭირდება აწი არც ღვიძლი და არც კუჭი! ის წალკოტი მინდა, და ფერადი ფასკუნჯი! დანახვაც კი არ მსურს ამ ფეხის და ამ ხელის! - წუთი მინდა - დიად საიდუმლოს გამხელის... ნუ ირჯებით ჩემთვის სისხლის გადასასხმელად - უკვდავების წყაროს მპირდებიან სასმელად... სულ შეწუხებულო და სიკვდილის მეჭველო, შენ რას გიშლი, ტვინო, მე რომ უცეებ მეშველოს... არ მჭირდება სხეული - ასო-ასო აცმა! - მიწას ჰქონდეს სახსოვრად, რაც არ მაქვს და რაც მაქვს... არ მჭირდება, მენდეთ, ცრუ კაშკაში დიდების! - სხვა ქვეყანა მინდა, სხვა სამოთხის ჩიტები...
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი