ზოგიერთი - დროს ატარებს..


ზოგიერთი - დროს ატარებს,
ზოგიერთებს - დრო გაყავს;
ზოგიერთებს - მერსედესი,
ზოგიერთებს - დროგი ყავს;
ვერაფრით ვერ ამიხსნია
ამ სიცოცხლის კანონი და
ვერაფრით ვერ გამიგია
ამ ცხოვრების ლოგიკა!

დავიჯერო? - სიცოცხლესაც
სადმე ანალოგი ყავს!
ვერც - სიცოცხლის გამიგია,
ვერც - სიკვდილის ლოგიკა...
საფლავს ვერ შევეგუები,
თუმც ცოტათი ლოგინს გავს...
(რა კარგია, თუნდაც ასე -
უნუგეშოდ რო გიყვარს...).

(მოგვეკითხა? მოგვეკითხოს -
ზოგი - ქალს და ზოგი - კაცს:
ძლივს გავიგე სიყვარული -
ერთადერთი ლოგიკა)...

ყველას - პირველ მოსახლეს თუ
უკანასკნელ მოჰიკანს -
როგორც ვაშლებს მათხოვარი -
სულ გზადაგზა მოხიკავს...
წაიყვანს და წაიღებს და
წარეკავს და გაისტუმრებს... -
ვერაფრით ვერ გამიგია
ამ ცხოვრების ლოგიკა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი