სისხლის ძიება (თავი მეთორმეტე)


კაცი მივიდა ქიჩირთან

ერთხელ მაცდურად მცინარი,

თაფლი და შაქარი არი

მის პირით ამომდინარი,

ჭაღარ-შერთული მაჰმადა

გათქმული არი გონებით.

არც უსახელოდ შტენილა

ცხვრითა, ძროხით და ქონებით.

აქებს, ადიდებს ქიჩირსა

ხატებთან შენაწონებით,

ჰპოხს გულ-ჩათხრობილ რაინდსა

გულუხვად სალბო ქონებით.

მიჰმართა მის გულ-გონებას

სხვადასხვა რიგის ფონებით.

სულ ბოლოს იგი უამბობს

ჭკვიანად, გონებ-გონებით:

– მართალი არი, ქიჩირო,

ვერვინ გაშინებს ძალითა,

ვერვინ დაგიძრა წამწამი

შემოქნეულის ხმალითა.

მაგრამ არც კაი დღეში ხარ

მუდამ საფრთხეში ყოფნითა,

მუდამ ხმალ-ამოღებული,

ფეხზე შემდგარის თოფითა.

თავის შინ ქურდულად დახვალ,

ქურდულად პურის მჭამელი.

საცა გაივლი, მტრებითა

სავსე გგონია მთა-ველი.

მშვიდობის მიწა არა გაქვს

ცოცხალ კაცს ორი მტკაველი.

– სხვისა მონებას, მაჰმადო,

ეგრე მირჩევნის ტარება.

როდი მაშინებს სიცოცხლის

სიკვდილად გადაცვალება.

ერთი დღე ყველას მოგველის,

დღე იყოს, მზეცა ბრწყინავდეს,

ჩვენ არაფერი გვესმოდეს,

ცივ სამარეში გვყინავდეს.

ნეტავი იმას, ვინაცა

მკვდარი გასწირავს სახელსა,

და ყველა იმის ხსოვნასა

გულს ინთებს, როგორც სანთელსა.

ცოცხალი ცოცხალსა ვგვანდე

თავის გუნების პატრონად.

მოვკვდები, ერთი დღე მმართებს,

მიწა მექნება ბატონად.

– ვინა თქვა, მონად იქნები?

გაჰხდები პირველ კაცადა.

რაც რომ ასლანი ფიცულობს,

ღმერთი აქცია ხატადა.

ორს ვაჟსვე ხელი დაადვა:

„ღმერთს შევავედრებ ამათა,

თუ მე რამ ვავნო ქიჩირსა,

ოღონდ მოვიდეს ზავითა.

თუ კიდეც არ დავსაჩუქრო

საჩუქრით მრავალ-გვარითა“.

მერე ამ დროსა: ხმა დადის,

რომ გაგვამტვეროს, აგვიკლოს,

მოზღვავებულა ურიცხვი,

გამოჩენილა ხვარიგლოს.

ჩერქეზეთს ახლა სჭირია

ვისაც გული აქვს გმირული,

თავზედა ქუდი ჰხურია,

წელზე ჰრტყავ ხმალი მისრული, –

გასწიროს მკერდსისხლიანი

მტერი კარებზე მისული.

რად უღირს, იცი, ასლანსა,

რომ მიუხვიდე ზავითა, –

ჩერქეზთ ლაშქარში ერიო

თავის ხმლითა და ფარითა.

– რაც უნდა, ის ქმნას.

მე მოვალ,

ქმნას თავის გულის ნებისა,

არც ვისგან საჩუქარს ველი,

არც მდომელი ვარ შვებისა.

დაძრახვიღ ნურვინ დამძრახავს,

სმენაც არ მიყვარს ქებისა.

დიაღ, წამოვალ, თუნდა თქვან:

ქიჩირი რასა შვრებისა?!

მე კი ჩვენს, ჩერქეზთ რჯულზედა

სახლში მიუვალ ძმურადა!

თუ არ დარიცხვნის თითონა,

დაე, მომექცეს მტრულადა.

არც მე მექნება სანაღვლოდ,

არც თავი დაკარგულადა.

საღმრთო წესს როგორ დაარღვევს,

ისეც გაფუჭდა სრულადა?!

– სულ ტყუილია, ღალატსა

ტყუილად ჰფიქრობ, ძმობამა,

რა სიხარული აჩვენა

აქამდის შენმა მტრობამა?

ემ ჩემ ჭაღარას დაენდე,

შენმა და ჩემმა ცნობამა! –

არ შეუცვალა მთქმელს ფერი

ტყუილის გამოცხობამა…

– კარგია, კარგი, მოხუცო,

სიტყვას რად ჰხარჯავ მრავალსა?

თავადაც კარგად გავიგებ

თავის თავგადასავალსა.

ხვალ ღამ, ან ხვალ-ზევით დილით

შინ ვეახლები მთავარსა.

ბევრს რად ჰფიცულობ, მის ნახვა

განა ეგრეცა მზარავსა?..

– როს დაგინახავს თვის კარზე,

გაუხარდება, იცოდე.

მოვაო, ვეტყვი… მშვიდობით!

დროა, რომ გზაზე ვიდოდე.

– მშვიდობით, წადი!.. კარგს ამბობ,

ცოტას რომ არა ჰფლიდობდე. –

რა გაისტუმრა მაჰმადა,

თქვა ეს ქიჩირმა ჩუმადა,

რაც ლომის ღმინი იქნება,

იღიმებოდა უმადა.

გულს დაეკითხა ათასჯერ,

ფიქრსა ჰშლიდა და აგებდა.

ბოლოს იფიქრა – წავიდეს,

თუკი ქვეყანას არგებდა.

თვალთ წინ დაუდგა მოძმენი,

ომი ფიცხელი მტერთანა,

აოხრებული ქვეყანა,

გასწორებული მტვერთანა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი