სისიხლის ძიება(თავი მეცამეტე)


– რისათვის იყო სულელი,

რაზე საუბრით გირთავდა? –

მაჰმადის წასვლის შემდგომა

დედა ქიჩირსა ჰკითხავდა.

– ასლანი ზავსა თხოულობს,

უნდა ვეწვიო, დედილო.

– რას ამბობ? როგორ ენდობი,

გონება-გამოშრეტილო!

ბალღი ხარ, ახლაც მოსტყუვდე,

რომ მგელს ეძლევი პირშია.

ვინ მისცემს, სად გაგონილა,

ბიჭო, ბედაურს ვირშია?!

ზავისა იმან რა იცის,

გველ-ბაყაყების ბუდემა,

ჩერქეზთა ქვეყნის გამცემმა

და ჯოჯოხეთის ზღუდემა?

რაკი წახვალ და არ იშლი,

რჩევას არ მისმენ მითაცა,

მაგ სიბრიყვესთან ბარემა,

მოდი და ჰქმენი ისაცა,

ჯერ კი მე მომკალ და მერე

იარე, როგორც გენებოს,

უშენოდ შენსა მშობელსა

ცოცხალს ნუ ნახვენ ტერელოს.

– რაც ციხე აქამდის ვაგე,

ახლა დავშალო, კარგია?

სხვას ყველას ვპოებთ, სახელს ვერ,

თუ ერთხელ დავიკარგია.

დიამც სიცოცხლე დავკარგო,

ის ჩემთვის მეტი ბარგია.

არამი არი ჩემზედა,

მაინც არაში მარგია.

მტერი რომ მოდის, მაშ, რა ვქნა,

შინ დავიმალო, კარგია?

რას ეგვანება ქიჩირი,

რომ არ ერიოს ჯარშია?

სხვა რაც უნდა თქვი, მაგრამა

ეს რომ არ მოდის ჭკვაშია?!

სიკვდილი ბევრად სჯობია

ჩავარდნას ქვეყნის ყბაშია.

რა სიცოცხლეა, რომა თქვან

ჩემი ლაჩრობა მთაშია!

დიაცებრ მანდილიანი,

დედავ, გინდივარ რაშია?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი