სისხლის ძიება (თავი მეთოთხმეტე)
ის იყო, ასლანის ეზოს დილის მზის სხივი ჰფენოდა, ცხენზე მჯდომარე ვაჟკაცი ეზოში ვინმე ჰშვენოდა, დამშვიდებულის სახითა, თითქოს არც როს რამ სწყენოდა; უხმობდა მეგობრულის ხმით, ასლანის გასვლას ელოდა. ორი მსახური სტუმარსა გამოეგება ხმიანად. ცხენს ართმენ, მიესალამენ ორივე თავაზიანად. შინისკენ მიიპატიჟეს აუჩქარებლად, ჭკვიანად. იმათში არაფერს ჰხედავს ქიჩირი დამაზიანად. მაგრამ იქით და აქედან გადმოხტენ აბჯრიანები; ზოგნი თოფ-შემოყენებით, სხვანი ხელ-ხანჯრიანები. ხმა როდი გასცა ქიჩირმა, სდუმს ვით ქვა, ვითა ლოდია. არც წყევლა უთქვამს, არც ლოცვა, მან არ ატეხა შფოთია; თუმც მკერდში გული უქანავს ბოღმა-ნასვამი, ლოთია. სტაცეს ხელი და შებოჭეს, ქიჩირი ქვასებ მდუმარებს; ხელსაც არა სძრავს სამტროდა, არც ილხენს, არცა მწუხარებს. უყურებს, ღობის იქითა ქალი ვინმე ჰღვრის მდუღარეს. ბოლოს გამოჩნდა ასლანიც, შავ ღრუბელსა ჰგავ, მქუხარეს: – მგელო! გაგაბი ხაფანგში, არ დაასვენებ კბილებსა? რომ ჰკვესდი, – ასლანისასა სულ გავწყვეტ შვილი-შვილებსა, – ჩემს ჯილაგს ემუქრებოდი ამოფხვრას ფესვიანადა. ვერ ამოგფხვერი?! იგემე, მიცანი წესიანადა! სხვა ყველა დავიმორჩილე მაღლა ცა მეხიანადა. შენ არ მიხრიდი მხოლოდ ქედს, მოგექე ხერხიანადა?! აგანთებ, აგაპრიალებ ცამდე თავ-ფეხიანადა! მხოლოდ ეს უთხრა ქიჩირმა: – ერთს გეხვეწები დიდადა, – ნუ გააგონებ ქვეყანას, თავს ნუ აჩვენებ ფლიდადა, ნუ გააგონებ ჩერქეზთა, რომ მომატყუე ზავითა, ნუ წაჰრყვნი მოძმეთ ბუნებას შხამ-საწამლავით, ავითა. ეს ჩვეულება მტკიცედ გვაქვს: წმინდად შენახვა კერისა, პირობის დაურღვევლობა, ძმად შინ შენახვა მტერისა. – ეგ რომ წესად გვაქვს, ისაღა სისხლით დაბანა სისხლისა; მტრობისთვის მტრობა უზომო წესია ჩვენი მიწისა, რა ცოდვა არი, რა მადლი, ასლანმა უკეთ იცისა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი