მთა და ბარი
მთაო, რად აგრე ჰგულდიდობ, ცერად დაჰყურებ ბარსაო?! რადგანაც ძირით გიცქერის, მით არ უყადრებ თავსაო? სალის კლდეებით ამაყობ, თოვლითა, ყინულითაო; კენკეშა, ურძან-ქუჩითა, პირიმზე-მწირულითაო. შენ არად მოგწონს ბარისა დიდი სიმდიდრე ხილითა, ოქროთ ნაქარგი გულ-მკერდი, ზედ მარგალიტის ღილითა; არ-რადმე გეჭაშნიკება ვარდის გაფურჩქვნა დილითა, გულით დარდების გადაყრა წითლის კახურის ღვინითა. შენი ძმა არი ბარიცა. სთველ-ზაფხულ ბარაქიანი, გმირთ სისხლით შაღებილი აქვს ველები ბალახიანი. შენი ხევებიც იქ ჩადის, ხევები კალმახიანი. საფუძვლად, მთაო, ბარი გაქვს, იცოდე, ტალახიანი. თუ ის ჩავარდა უფსკრულსა, შენ თან ჩაყვები ნიადა; არ გარგებს, თორო შენ იცი, მთავ, ამაყობა ფრიადა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი