სისიხლის ძიება (თავი მეთხუთმეტე)
ყველამ გაიგო სოფელში შეპყრობა ქიჩირბეისა! კაცთა, ქალთა და ყმაწვილთა მოდენის იქნა დღე ისა. მოქუჩდა ხალხი, მოგროვდა ეზოში ყოველ მხრიდანა, მხოლოდ სვავები ზამთრობენ, არ მოგელავენ მთიდანა. ყველას ის უნდა, იხილოს თავზარ-დამცემი მტერისა. გმირების მოყვარულია თვალი და გული ერისა. გალაღებული ასლანი გულში ტკბილადა მღერისა. მან ბრძანა, როცა იხილა ბრბო ერთმანეთზე მდგომელი: „თქვენ, კაცნო, ყველასაგანა თითო კონა ფიჩხს მოველი. მოზიდეთ ბევრისგან ბევრი, გავწურთნო ესე ცხოველი, მარტო ღვთის ბატონად მცნობი, სხვა ყველას წინა მდგომელი!“ მოზიდეს შეშა უზომო, ცეცხლიც დაანთეს დიადი; შიგ უნდა ჩაწვან ქიჩირი, როგორც კვერი და ხმიადი. ქიჩირმაც იგრძნო კარგადა თვის სატანჯველი ფრიადი. მაგრამ ის წარბსაც არა ჰხრის, სდგას ვით სალი კლდე, ზვიადი. მიუდგა ქიჩირს ასლანა ახლოს თავ-მოწონებული: – მოგწონს, ქიჩირო, სასჯელი ეს ჩემგან მოგონებული? – ახლა ძლივს სუნთქავს ნებითა გულზე დარდ-მოფონებული. – მომწონს და არც შემაშინებს ათასჯერ მეტიც იყოსა. თუ გავტყდე, ღმერთი მრისხავდეს, წყალმა და ღვარმა მრიყოსა. – არ გეშინიან? სწორედ თქვი, მხოლოდ დაგიხსნის მუდარა. – ძაღლებს არას სთხოვს ქიჩირი, მოკვდეს, მით არა უნდა რა. – მაშ, თუ არ გზარავს სიკვდილი, კიდეც იმღერებ, არაო? – ძალიან კარგად, – ქიჩირი ვითომ თავის შინ მჯდარაო. მონებს უბრძანე, ჩონგური რომ მომიტანონ ჩქარაო. მალე ჩონგურიც მოართვეს, ჩამოჯდა, მოიხარაო! თოკით შეკრული მკლავები სახმარად მოიგვარაო. ჯერ გადაჰხედა გროვასა ცეცხლის მფრქვეველის თვალებით. ცეცხლი ცეცხლს დასწვავს, რა უშავს, გარს შემორტყმული ალებით. თვით იტანჯება, რომ იწვის, სხვას კი გაათბობს წვალებით. გაჩაღდა ცეცხლი და ბოლი შეიკრა, როგორც ბარდია, ცას შავ ღრუბელად გადეკრა, თითქოს ტირილი სწადია. ხალხში ხმას არავინ იღებს, ქიჩირს შესცქერენ მტერადა. ქიჩირმა ლარებს ჩამოჰკრა და გაიხედა ცერადა. იქ ნახა ქალი ლამაზი, რომ იღვრებოდა ცრემლადა, იგივე, ვინაც წეღანა მის შეპყრობის დროს ტიროდა. ქალის ტირილსა ქიჩირი, ცოტა არ იყოს, ჰკვირობდა. იცნო და პირმა შესცინა, დატყვევებულს ვეფხვს იამა. გამოაფხიზლა ყველანი ჩონგურის სიმთა წკრიალმა. აჰკრა ხელი და ჩამოჰკრა, თან ზედ დამღერდა ხელადა. დღესაც ამ ლექსების ცოდნა ყველა ყრმას ადევს ბეგრადა. ფლიდია ესე სოფელი, ფლიდთა საყრელი ხელისა; კარგებსა სჩაგრავს, უმსგავსთ კი კალთას აფარებს, ჰშველისა; მართალი წუთისოფელში შველას ამაოდ ელისა! სამშობლოსათვის მამაცი არის მადლი და დიდება. მალე დაჰღუპავს ქვეყანას ლაჩართა გადაკიდება. ვინ იყო ქვეყნის ორგული, ვინ ჰშველდა გიაურებსა, გააწყვეტინა ჩერქეზნი, აჭმევდა მგლებს და ტურებსა, დააჭრა საკუთარის ხმლით ცურები ჩერქეზთ ფურებსა. იმის ძმებს მტერი ჰმუსრავდა, თვით ჯიბეს იყრის ფულებსა. მიკვირს, რომ ასეთ უმსგავსთა ქვეყანა რადა ჰყურებსა?! სულდგმული დღესაც ვსულდგმულობ მამა-პაპათა რჯულითა. ნაგრძნობი ხემის გულისა არ მიწონია ფულითა. მიყვარს ჩერქეზთა ქვეყანა წმინდა ჩერქეზის გულითა, მიყვარს მთები და ველები გულ-მკერდით, დაქარგულითა; ვინ იცის, ვინა ვცხონდებით და ვინ წავწმყდებით სულითა! 4 ბიჭობა ათასნაირი, ათასის სახის მქონეა. ვისაც სიკვდილი აშინებს, ის ბიჭად არა მგონია. თავის გაწირვა ადვილად ვაჟკაცთა სულის ღონეა. ვაჟკაცთ დაიცვეს ქვეყანა, გამრავლდეს იმათ ჯიშია; ფლიდთა, სულ-მდაბალთ ჯილაგი რომ გასწყდეს, ისა სჯობია. გველის წიწილი გველია, ხოლო ვირისა – ვირია. კუნელზე ყურძენს არ ჰკრეფენ, არცა-რა გასაკვირია. უმსგავსთა, ფლიდთა მომსპობად გახმეს ფოჩი და ძირია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი