იმედი საზიკაული
ჯავრი ჰკლავს საზიკაულსა, შადედებული შხამითა, ცრემლი არ მოსდის თვალებზე, გვაეჭვიანებს ამითა... რკინის გული აქვს ვაჟკაცსა, ცრემლს გულსვე ასმევს ჯამითა, საქვეყნოდ დარდსა არ გაჰფენს, ამონადუღარს გვამითა! ვაჟს სიბრალული არ უნდა, არც ვის გენუკავსთ ამისად... დრო-და დრო ამოიხვნეშებს მანუგეშებლად თავისად. შაიბურება ნაღვლითა, როგორც მყინვარი ნისლითა, ამშვენებს თავსა, ვით მოყმე, მტერზე ხმალ-და-ხმალ მისვლითა. სოფლისა, თემის ავ-კარგი კვლავც უტარებავ კისრითა; ბევრს არი გადმონაყარი, ეხლაც გულმაგრობს იმითა. - მტერს ხომ არ დაუმარცხებავ, სირცხვილი შაუჭმევია? იქნება გმირი უებრო ურჯულოს დაუძლევია? ტყვედ მის ცოლ-შვილი წაუსხამ, სახლ-კარი დაუქცევია? საზიკაურის ქავ-ციხეც დაუშლავ, დაურღვევია? - ძმობამ, ჯერ წარბი იმისთვის არავის შაურხევია! - მაშ რა ახვნეშებს ვაჟკაცსა? რად ზის კარ-დაკეტილშია? ხმას აღარ იღებს, ერთთავად ყალიონი სჩრავ პირშია? აღარც საგლოვოდ სამ მიდის, აღარც გვინახავ ლხინშია?!. სულ მუდამ როგორ ვავლიოთ ლაშქრობა-გასაჭირშია?! იქნება სიზმარი ნახა, ლიშან დაუდგა ცუდია - ეზმანა, ბედი ფშავისა სამარის კარსა ჰყუდია? იქნება შვილი მოუკვდა, ნასახელარი გუტია? - შვილიც მთელი ჰყავს, დედაცა, ციხეც ყელმაღლობს ისევა, აგებულს მწვანის ლოდებით, ვერ ჰზარავს მტრების მისევა. - რად ჰმალავს ვაჟკაცის დარდსა, გვითხარ, რად სტირის, რაზედა? ვაჟკაცის დარდის შატყობა სხვასაც მაიყვანს ჭკვაზედა!.. - შვილს ვინ ახსენებს, ან ცოლსა? მეტი დარდი აქვს მაზედა: ცხენი მაუკვდა ლურჯაი, აღარა ჯდება სხვაზედა. ხატში მით აღარ მოვიდა, აღარ ჩამოჯდა ჯარზედა. რით-ღა წავალის ლაშქარსა, ლეკებს რით გაჰყვეს კვალზედა? ვინ-ღა შააშრობს ტყვეებსა ცრემლს, ჩამომდინარს თვალზედა? დაჩაგრულების საშველად ხელს ვინ დაიდებს ხმალზედა?! ცხენს გაუთხარა სამარე, დამარხა თავის ხელითა, დაულბო ლურჯას ლოგინი მომსქდარის ცხარის ცრემლითა. არ გაჰხდის სვავთა საჭმელად, ყორნების საწიწკარადა ნიავ-ქარივით მოარულს როგორც მთას, ეგრევ ბარადა, ხშირ-ხშირად მხედრის მიმტანსა ავის დაღისტნის კარადა. ცხენს გლოვობს საზიკაული, იმიტომ არის ავადა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი