უნუგეშო ყოფნა
იას, ბნელს ხევში მოსულსა, დიდი ჭანდრები ჰფარავდა, ეწადა დიდხანს სიცოცხლე, წადილს აღარა ჰმალავდა: ინაბებოდა, ჰკრთებოდა, მზის სხივს ელოდა მაღლითა; შეჰფოფინებდა სამყაროს გაშტერებულის თვალითა, მზის სხივი აკლდა, ელოდა, მზე აღარ ამოდიოდა, ჩიქილად მისი სხივები თავზე არ ეფინებოდა. ამოიკვნესა ჩაგრულმა, გულმოკლულს ეტირნებოდა. მზე ვეღარ აწვდენს სხივებსა ბნელის ჯურღმულის წყვდიადსა, ვერ უმთელებდა წყლულს გულსა ფერგახუნებულს იასა. ია სჭკნებოდა, კვდებოდა, მიწასვე ებარებოდა. გაღმა კი ყვავილთა გუნდი სამოთხეს ედარებოდა; მზე უხვად ნათელსა ჰფენდა, ჯავრი არ ეკარებოდა; იას სიკვდილი ამ დროსა მით უფრო ემწარებოდა, - ჰხედავს, რომ სხვანი ლხინობენ, მას მიწა ეფარებოდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი