0 0 207
სისხლის ძიება (თავი მეთევქსმეტე)
ბალღები შემოჰხვევიან,
შესჩერებიან ქიჩირსა.
ასლანის ორი ვაჟიცა
გვერდითა დგანან მის პირსა.
ცეცხლი კი უფრო გაჩაღდა,
ალი ალსა სცემს, ტრიალებს.
საზარი სანახავია, –
სიკვდილის ბრჯღალი ტრიალებს.
„აი, ბიჭობაც ეს არი!“ –
კვლავ დაიძახა მხედარმა,
იღლიას სათითაოდა
ბალღები იკრა მჭეხარმა,
არა ამაოდ მომთქომმა,
არ უსაფუძვლოდ მკვეხარმა.
„აი, ბიჭობა, ნახეო!“ –
და დაიღუპა ცეცხლშია
სამის სულდგმულის სახეო.
ამითი როდი გათავდა
ამ ცეცხლის ზღვასთან ომია.
ქალი გადმოხტა გროვიდან,
ციდან მოსული მგონია,
ისიც თან მიჰყვა ქიჩირსა,
თქვეს: „ეგ დემურის ცოლია!“
ცოცხალ-მკვდრად დარჩა ასლანი,
გაშტერებულა დუნია:
სულს ჰხუთავს, ბუნებას ჰშხამავს
ცეცხლში დამწვართა სუნია.