სისხლის ძიება (თავი მეთვრამეტე)
ასლანზე რაღას იტყვიან, სადაა? როგორ რჩებაო? – ძალიან ამბავს ამბობენ: უნამუსოდა კვდებაო. ჭირი რამ შეხვდა უწამლო, მთაზე თოვლივით დნებაო. ლოგინად ჩავარდნილია, ფეხზე ვეღარა დგებაო. დამბლად დაეცა, ჭკვით შესცდა, შუა მოხრილი გრაკლადა. არც რჩება, აღარცა კვდება, ცოცხალი არი ძალადა. პურზე, საჭმელზე იძახის, როცა მიართმენ, ასეა: „წაიღეთ, შორს გამაცილეთ, გველ-ბაყაყებით სავსეა!“ ვინც სალმით მივა იმასთან (ჩერქეზთ მთავარი იგია), ბოდიშის ნაცვლად მიუგებს: „მე როდი გამიყიდია!“ — ათასჯერა სწვიმს, სეტყვაა, მთებზე ნისლები ჰკიდია, ბევრი რამ ხდება ქვეყნადა, შიფ ცოდვა-ბრალი დიდია; ბუნება წარბსაც არ იხრის, მაინც მშვიდი და მშვიდია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი