მოგონება
ნუ მიწყენთ, მომაგონდება, ქალის ვაჟისთვის ნათქომი: "თუ შენ არ გხედავ ცოცხალსა, არც მე ვარ ცოცხლად დამრჩომი! ცოცხალი თან ჩამოგყვები, საფლავში დაგეტანები, შენ მკვდარს, შენთან მე ცოცხალსა, დაე დაგვიხშონ კარები! მოვკვდები შენსა გულზედა, ზევიდან დამეფარები, მე შავსჭამ, - მიწას არ ძალუძს, რომ შეგიჭამოს თვალები. მწად ერთად შეზელილიყოს ჩემი და შენი ძვალები!" ორმა დღემ ჩემოიარა, ზარი აჩქამდა გლოვისა. სატრფო დასტიროს ჭაბუკსა, ცრემლი სდიოდა ღვარადა, გულიც ხომ უწუხდებოდა, წყალსაც ასხამდენ კვალადა. გულ-დაბნედილსა დიაცსა აბრუნდებიან ძალადა. მოზარეები კუბოთი მიდგნენ სამარის კარადა. უცვლელი ბინა ყველასი უცდის მკვდარს დასაფარადა. კუბო ჩაუშვეს საფლავში, ცვივა ქვიშა და ლოდები. - რა უყავ ფიცი, გოგონავ, ჩაჰყევ, ვის მოელოდები? - სად გავყვე, ძმაო, რას ვარგებ, მკვდარს რას ვუშველი იმითა? არა, მე სიციცხლე მინდა, უნდა ვიცოცხლო ჭირითა. ვიგონო ვარდი გულისა, ვიტანჯო მოგონებითა! რომ მოვკვდე, მაშინ ვიქნები დარდების მოფონებითა.. დაე ვიცოცხლო ტანჯვითა, დარდით დავიწვა გულია, დავიწვა, ვით კელეპტარი, ხატის წინ ანთებულია... ვიცოცხლო იმის მამგონედ, ვინც გულს მამჩნივა წყლულია... ერთ წელს გოგონა მიჯნურის საფლავზე იარებოდა; უნთებდა წმინდა სანთელსა, შინავე ტრიალდებოდა; საფლავის პირზე დაერგო ყვავილნი ტურფა ფერისა, ცრემლით მოერწყო ვარდები თვალთაგან მომაწურისა. ეს ერთი წელიც გავიდა, იცვლება დრო და ჟამია, გოგოს სწადიან იპოვნოს პირველის მსგავსი გვამია. მსგავსი პირველის მიჟნურის თვალითა, ტანადობითა: მოკეთეს ჰმოკეთეობდეს, მტერს ექმნას ჯალათობითა. ღმერთმა გიშველოს, სიკვდილო, სიცოცხლე ჰშვენობს შენითა, და შენც, სიკვდილო, ფასი გზე სიცოცხლის ნაწყენობითა. სიცოცხლე სიყვარულითა და სიყვარული სოცოცხლით, უერთ-ურთისოდ ვერც ერთსა ვერ ვიცნობთ, ვერც რას ვიცნობდით. ერთ-ურთი სწყურან ორთავი, ერთ-ურთთან დაილევბიან; უერთ-ურთისოდ ვერ სძლებენ, მალევე დაილევიან!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი