მწყემსის სიმღერა (ფრაგმენტი)


კარგია ფშაველთ ხატობა,
გაიმართება შილინდი,
შილინდზე „გაუმარჯოზე“
ზედ გადაებმის ჯირითი,
ცხენების ნთქრევა-ბიბინით
მტვერი ცას მისწვდა ძირითი...
შაიყრებიან ფშავლები,
ლამაზ-ლამაზად ზრდილნია,
ისმის ფშაური სიმღერა,
ტკბილი ფშაური ლხინია.
სად არი მაშინ ბეჩავი
ლეგა ბატარიშვილია?
თვალ-გული გადამელია
გრძელის მინდვრების ცქერითა,
გულს გავიგრილებ ხანდისხან
ტკბილის ფშაურის მღერითა,
ეს სამი წელი შასრულდა,
აღარ ვყოფილვარ ფშავშია,
მე რო ვერ დამისვენია
ვეღარც შინ, ვეღარც კარშია,
წავალ და არც დავბრუნდები,
ძმას გამოვგზავნი ცხვარშია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი