დაუსრულებელი კვნესა


მთანი მიყრილან ერთურთზე,
გადაბმულები თხემებით,
გულ–მკერდი ჩამოჰღარვიათ
ბნელის, საზარლის ხევებით;
კაცის ფეხ–დაუკარებთა
სავსედ იტყვიან დევებით,
აქ ხომ სულდგმულსა ვერ ნახავთ:
ჯიხვ–შუნთ, მგელ–კვერნას, მელებით:
გადაკარგულან, დამთხვარან
დევთ მოუსვენრის ტევებით.
საზარელია ეს მხარე,
ზავთით მზარავი კაცისა…
როცა–კი შემობინდდება,
კისკისი ისმის ალისა, –
ამ მომხიბლავის, ცბიერის,
ტურფა, თმა–ხშირის ქალისა;
კლდიდამ რომ დაბლა სიპებზე
ჩხრიალი ისმის წყალისა,
თავს უპყრობს კლდისა ნაჟურსა
მატყვევებელი თვალისა;
გადაივარცხნის ქოჩორსა,
ჩამოპოხილსა ნამისა,
და შეუბურავს საროს ტანს
ჯანღი ნაწნავთა ჯარისა.
შუაღამემდე აქა ზის,
ტკბილად დაჰმღერის არესა,
მკვდართ სულთ აშლამდის ლხინშია,
შესტრფის ამ კლდიანს მხარესა,
უჩვენებს ელვის კბილებსა
ცაზე გადმოსულს მთვარესა.
მთვარე რომ ჩავა, ვარსკვლავნიც
თითოობითა ჰქრებიან,
ცაში ზარს დაჰკვრენ ცისკრისას,
ცოდვილთ სულები ჰკრთებიან,
და მკვდარნიც საფლავებიდამ
სასეიროდა დგებიან.
მაშინ კლდის ქალი, ეს ტურფა,
წავა ნაბიჯით სწრაფითა;
შეივლის შავსა ქანჩახებს,
გალიპულს წყალთა ქაფითა,
ბნელს მღვიმეს მოეფარება
სიპის კარების ჩქაფითა…
ცა გაიბურვის ნისლებით,
როგორც მურით და ლაფითა.

ΙΙ

ზევით კლდე, სიკვდილის მსგავსი,
სხვა კლდეთ თავს დაეფარება,
ისეთი საზარელია,
ქორი ვერ დაეკარება.
ამ კლდიდამ ამოიქუხებს
ხმა საზარელი კაცისა.
მადნობელია გულისა
ხავსით მორთული ხმა ისა:
“ქვეყნად გამწყდარა წამალი,
ცაო, შენ გემუდარები,
შენი მონა ვარ, უფალო,
ტანჯვით სხვის შეუდარები.
დევთ როგორ უნდა იხარონ,
ერთი რამ გამიწესია,
დარჩომა, ანუ სიკვდილი,
ეგ ხომ ღვთიური წესია.
რა ფერისაა ქვეყანა,
ნეტავ, მაჩვენა თვალითა:
მისი ზამთარი, ზაფხული
წყალ–ველით, მთებით მწვანითა,
ცა, ვარსკვლავებით მორთული,
დღისით – მზით, ღამე – მთვარითა;
ვინ ხარობს, ანუ ვინ გლოვობს
მცხოვრები ცოდვა–ბრალითა,
და მაცემინა დევთადა
ფხა–შეუშლელის ხმალითა;
ვინ იცის, გაქნეს ქვეყანა,
აავსეს კაცთა ძვალითა?!
მე–კი აქ უნდა ვლპებოდე
მოუხმარების ძალითა!"...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი